ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მანანა თურმანიძე

პირველად იყო სიტყვა

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

"დიპლომატებს არ ჰყავთ საბრძოლო გემები, ძლიერი ქვეითი ჯარი, არც ციხე-სიმაგრეები გააჩნიათ, მათი იარაღი არის სიტყვა." დემოსთენე, ბერძენი ფილოსოფოსი.

სიტყვის ძალას და მის მნიშვნელობას ადამიანები ოდითგანვე განიხილავდნენ, როგორც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. ამის დასტურად ქრისტიანული წმინდა წერილებიც კმარა. იოანეს სახარებაში (თავი 1.) ვკითხულობთ: „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთანა და ღმერთი იყო სიტყვა. ...პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“.  

ქრისტიანული მსოფლმხედველობით სწორედ სიტყვა, რომელიც ადამიანებს მოგვეცა, არის ყველაზე საკრალური რამ, რადგანაც „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. .. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი“(იოანეს სახარება, თავი 1).  სიტყვის უდიდეს ძალაზე მიუთითებს არაერთი პასაჟი  წმინდა წერილებში თუ ქრისტიანულ ტექსტებში : "უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა" (ფს. 32,6), სადაც კიდევ ერთხელ დადასტურებულია, რომ სიტყვა არის დასაბამი ყოველისა. სიტყვა ასევე ასოცირდება უფალთან, რომელიც ღმერთისგან იოანე ნათლისმცემლის მიერ სიტყვად გვემცნო, "ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის" (იოან. 1,14).

სიტყვას ქართულ ენაში მრავალი მნიშვნელობა გააჩნია. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ მე-4 ტომის (1960 წ.) 1079 გვერდზე მოცემულ განმარტებაში სიტყვის 10-მდე მნიშვნელობას და სიტყვით წარმოებულ ფრაზეოლოგიას ვკითხულობთ. გარდა საგნობრივი მნიშვნელობისა, სიტყვა შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს: მეტყველება, ენა; ლაპარაკი, საუბარი; ნათქვამი, თქმული; სათქმელი; საჯარო გამოსვლა, მოხსენება;  პირობა; ბრძანება, გადაწყვეტილება. გერმანულენოვან ლინგვისტურ სამყაროში მეტად ცნობილი ჰადუმოდ ბუსმანისა და მეცლერის ენათმეცნიერების ლექსიკონები სიტყვას შემდგნაირად განმარტავენ: „სიტყვა ენის ძირითადი შემადგენელი ერთეულია და ამდენად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ენათმეცნიერულ ცნებას წარმოადგენს. სიტყვა გამოიყენება ჩვენს ირგვლივ არსებული სინადვილის და მოვლენათა აღსანიშნავად,  ამ მოვლენათა ჩვენს ცნობიერებაში განზოგადებული ანარეკლის საფუძველზე;  სიტყვა წარმოადგენს ბილატერალურ (ორმხრივ) ერთეულს, რომელშიც მატერიალური ფორმა (ფორმატივი) შეერწყმის იდეურ შინაარსს (მნიშვნელობას); სიტყვა წარმოადგენს ფონეტიკურ-ფონოლოგიურსა და მორფემატულ ერთეულს, რომელიც გრამატიკულად ფორმდება; სიტყვა არსებობს ენაში როგორც მზა მასალა სახელწოდებითი ფუნქციით, რომელიც მეტყველებაში ვითარებათა დასახატავად წინადადებად გადაიქცევა ხოლმე“

აღიარებული ფაქტია, რომ მისი ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის გარდა, სიტყვას იმდენად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რომ მისი მეშვეობით წმინდა მამები ადამიანებს განკურნავდნენ, დემონებს განდევნიდნენ, და ა.შ. სწორედ ამას ემსახურება ლოცვა და პირიქით, სწორედ ამიტომ არის დიდი ცოდვა წყევლა და ეს სულაც არ არის ფანტასმაგორია. თუმცა, ვიდრე სიტყვამდე მივა საქმე და რაიმე აღმოხდება ადამიანს ბაგეებიდან, მანამდე სიტყვის წინამორბედია აზრი და რწმენა. როცა რწმენა არსებობს და ის ძლიერია ადამიანში, მას ყველაფერი შეუძლია.

ფრიდრიხ ნიცშე წერდა: „როდესაც თქვენ უყურებთ უფსკრულს, უფსკრული ასევე გიყურებთ თქვენ“. არა მხოლოდ ქრისტიანობა, ბუდიზმიც ასევე აღიარებს, რომ შენი კარმა დამოკიდებულია შენს შინაგან განწყობაზე და დამოკიდებულებაზე სამყაროს და მოვლენების მიმართ. ენერგეტიკა, რომელსაც გავცემთ, რაიმე სახით აუცილებლად გვიბრუნდება უკანვე. ამას თურმე თვით სატანისტებიც კი აღიარებენ!  მუხტი, რომელსაც გადავცემთ ადამიანებს სიტყვის მეშვეობით ჩვენი ენერგეტიკის მატარებელია და ამ ენერგეტიკის გავრცელებას ემსახურება.

ეს ეზოთერიული ცოდნა საუკუნეების მანძილზე მოჰყვება კაცობრიობას. მიუხედავად ამისა, დღეს ხშირად გვავიწყდება მისი მნიშვნელობა, ან ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს სიტყვას. სიტყვის მეშვეობით აშკარავდება ფარული ზრახვები, ადამიანების და მოვლენების მიმართ დამოკიდებულებები, განწყობები, და ა.შ.. სიტყვით შეიძლება ადამიანმა მადლი გასცეს და მიიღოს, ან პირიქით, ცოდვაში ჩავარდეს და სხვაც ჩააგდოს ცოდვაში. სხვათაშორის, ცოდვა-მადლიც არა მხოლოდ ქრისტიანული ცნებებია და არა მხოლოდ ქრისტიანული მოძღვრება აღიარებს მის ძალას. როგორც აღვნიშნეთ, თითქმის იგივე დატვირთვის მატარებელია მაგალითად ბუდიზმში კარმა, ენერგეტიკოსებისთვის კი - აურა, და ასე შემდეგ. სიტყვის ძალას არა მხოლოდ ქრისტიანული რელიგია ცნობს, ბუდისტური თუ სხვა ეზოთერიული სწავლებებიც აპელირებენ სიტყვის ძალაზე.

 ლოგოსი, ანუ "სიტყვა", "ცნება"; "აზრი", "გონება" შემდეგნაირად აიხსნება უცხო სიტყვათა ლექსიკონში: 1.ძველბერძნულ მატერიალისტურ ფილოსოფიაში (ჰერაკლესთან) - საყოველთაო კანონზომიერება; 2. იდეალისტურ ფილოსოფიაში - სულიერი პირველსაწყისი, ღვთაებრივი გონება და სხვა მისტიკური ცნებები.

ქრისტიანთათვის იგი ქრისტესთან არის გაიგივებული.  აქედან ნათელია, თუ რაოდენ დიდი და ღრმა დატვირთვის მატარებელი ცნებაა - სიტყვა. სწორედ ამიტომ, დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მას.  მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჩვენს სიტყვას თან ახლდეს ქრისტიანული „მადლი“, ანუ კეთილგანწყობა, სიკეთე, გულმოწყალება და კონსტრუქციულობა ნებისმიერ სიტუაციაში, მაშინაც კი, როდესაც ძალიან გვიჭირს წონასწორობის შენარჩუნება. თუმცა, არის სიტუაციები, სადაც საჭიროა, ან თუნდაც აუცილებელია კრიტიკა, განსჯა. ხშირად გვხვდება სიტუაციები, როდესაც საჭიროება მოითხოვს, რომ სწორედ კეთილგანწყობის მიზნით მიუთითო, ან მიანიშნო ადამიანს, რომ არასწორად იქცევა. ყველას ესმის მარტივი სიბრძნე: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს კი ზურგს უკანაო“. მაგრამ ამ სიტუაციაშიც კი დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ სიტყვას, რომელსაც შეუძლია განკურნოს და შეუძლია პირიქით, უარესი შედეგი გამოიღოს, ან სულაც მოკლას.

მსოფლიოში სულ უფრო იზრდება სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობა.  ჩვენს დღევანდელ, არაორდინალურ და საფრთხილო მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ ჩვენ, მითუმეტეს დიდი პასუხისმგებლობით უნდა ვეკიდებოდეთ თითოეულ ჩვენს სიტყვას, რომელსაც საჯაროდ ხშირად საკმაოდ დაუდევრად ვფანტავთ.

არაერთხელ დავფიქრებულვარ, ხომ არ აჯობებდა კარგად აგვეწონ-დაგვწონა ჩვენი განცხადებები, რომლებიც ეთნიკურ საკითხებს შეეხება?! არის  სიტუაციები, როდესაც უპრიანია სიტყვა  დავუთმოთ ექსპერტებს დასკვნებისთვის, რათა ჩვენი დილეტანტობით რაიმე კიდევ უფრო მეტად არ გავაფუჭოთ, უარესად არ დავძაბოთ სიტუაცია, ისედაც უკვე საკმაოდ მყიფე მშვიდობის პირობებში. ჩვენ ხშირად სურვილი გვაქვს განვიხილოთ ჩვენთვის მტკივნეული საკითხები და გვწამს, რომ ამით სიკეთეს მოვუტანთ, ან სულ მცირე არაფერს არ დავუშავებთ ჩვენს ისედაც დაშავებულ - დაზარალებულ ქვეყანას, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ეს ასე არ არის. მაგალითისათვის, როდესაც ჩვენი იურისდიქციის მიღმა დარჩენილი ტერიტორიების დაბრუნებაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე ასე დამაჯერებლად ვსაუბრობთ, ალბათ უმჯობესი იქნებოდა არ გამოგვეყენებინა ტერმინი "ოსეთი" სამაჩაბლოსთან მიმართებაში, როდესაც არსებობს მისი ისტორიული, ქართული სახელწოდება - სამაჩაბლო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამით ჩვენ, ჩვენდაუნებურად, ვამკვიდრებთ ტერმინს, რომელსაც შემდეგ უცხოელი ექსპერტებიც იყენებენ ხოლმე საუბარში, რითაც ვუდასტურებთ ოკუპანტს, რომ მისი განზრახვა აღსრულებულია. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ საკითხებზე მსჯელობისას. შეიძლება ვიღაც თვლის, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, ასეთ შემთვევაში ბოდიშს მოგიხდით, რომ მოგაცდინეთ და თქვენი ძვირფასი დრო და ყურადღება მივიპყარი ამ საკითხების მიმართ, მაგრამ ვფიქრობ,  რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი დეტალია. აქ ძნელია  არ გაგახსენდეს ქ-ნი სალომე ზურაბიშვილის მიერ მოშველიებული და უკვე "ფრთოსან ფრაზად" ქცეული გამოთქმა: "ეშმაკი დეტალებშია"! დიახ, მართლაც დეტალებშია საქმე, რომლებზეც ყურადღებას თუ არ ვამახვილებთ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა არ ამახვილებს ან ვერავინ ამჩნევს, ან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა სრულიად გაუცნობიერებლად, მაგრამ ხშირად ისეთ რამეს ვამბობთ, რითაც ვაზარალებთ საკუთარ ისედაც დაზარალებულ სახელმწიფოს.

„ღმერთმა თქვა, იყოს ნათელი!" (დაბ. 1,3) და არარსებულმა, სიტყვის მეშვეობით შეიძინა არსებობა! ავწონ-დავწონოთ ჩვენი თითოეული სიტყვა, რადგან ამით შეიძლება დიდი ზიანი მოვუტანოთ  ჩვენს თავს, საკუთარ ოჯახს, სახელმწიფოს თუ მსოფლიო მშვიდობას. სიტყვით შეიძლება ბალანსის დარღვევა, ან აღდგენა. ალბათ ყველას სმენია ექიმების, ან კეთილგანწყობილი, ტკბილმოუბარი ადამიანების  მისამართით გამოთქმული ქება-დიდება  -  სიტყვით უწამლაო. სწორედ სიტყვით და მისი ძალით უნდა „ვუწამლოთ“ ჩვენს ყველასგან გამეტებულ ქვეყანას და ჩვენ მაინც არ გავიმეტოთ ბოროტი სიტყვისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ მაამებლობა არის კომუნიკაციის უკეთესი ან საერთოდ მისაღები ფორმა, არამც და არამც არ შეიძლება გაჩუმდე იქ, სადაც ხმა უნდა აღიმაღლო. ეს იგივეა, შვილის აღზრდაში მაამებლური პრინციპებით რომ იხელმძღვანელო და არასოდეს მიუთითო, რომ არასწორად იქცევა. სიყვარულით და კეთილგანწყობით, რომელიც კეთილი სიტყვით გამოიხატება და რომელიც ჯანსაღ და საჭირო კრიტიკას სულაც არ გამორიცხავს, ყველაფერი შესაძლებელი და მიღწევადია აღმზრდელობით პროცესში. მხოლოდ ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ორი სხვადასხვა ცნება „ვუწამლო“ და „მოვწამლო“. ჩვენ ხშირად ვამბობთ სიტყვას, რომელიც კი არ „უწამლებს“, არამედ „მოწამლავს“. არჩევანი ჩვენზეა, რა შედეგი გვინდა რომ მივიღოთ, განვკურნოთ და ფეხზე დავაყენოთ ქვეყანა, თუ მოვწამლოთ და სამარემდე მივიყვანოთ?!

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

კომენტარები