ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ლიკა ბარაბაძე

ფსიქოლოგის ბლოგი: პანიკური შეტევები - ფონის (უფონობის) გავლენა ფსიქიკაზე

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

რა არის პანიკური შეტევა?

ახლახანს მოვრჩი ამერიკული სერიალის „სოპრანოები“ ყურება და როგორც ჰოლივუდს ჩვევია, ჩაეჭიდება-ხოლმე ფსიქიკურ მოვლენას და ატრიალებს და ატრიალებს, აქაც მთავარ მაფია ტიპს პანიკური შეტევები აქვს.

ხოდა, ამ კაცს თავიდან გონია,მცირე ხნით ვივლი ფსიქოლოგთან და ამილაგებსო, არადა თურმე ეს პანიკური შეტევები უფრო ღრმა პროცესებზე მიუთითებს და წავა მერე დედა როგორი გყავდა, მამა როგორ მოგიკლესო.

პანიკური შეტევები პოპ-კულტურას ძალიან აინტერესებს. ალბათ რადგან ბოლომდე მაინც გაუგებრია - თუ ფსიქოლოგიურია, ფიზიკურად რატომ ვლინდება? თუ ფიზიკურია, წამლით რატომ არ იკურნება? არადა, როგორც ამ პოსტში ავღნიშნე (დააჭირეთ და გაიხსენება) სხეული და სული ერთია, ასეთი დაყოფა კი - დასავლური სამყაროს მოძველებული ტრადიციაა.

რა ახასიათებს?

პანიკური შეტევა უეცრად იწყება. ფიზიკური სიმპტომები იმდენად გამოხატულია, რომ ადამიანებს ხშირად გულის შეტევა ჰგონიათ. ესენია:

-         მომატებული გულისცემა

-         სისუსტის შეგრძნება, თავბრუ

-         კიდურების დაბუჟება

-         შიშის განცდა, სიკვდილის მოახლოების შეგრძნება

-         ციებ-ცხელება

-         ტკივილი გულის არეში

-         სუნთქვის პრობლემები

-         კონტროლის დაკარგვის განცდა

პანიკური შეტევა 10 წუტზე მეტს არ გრძლედება, თუმცა ზოგიერთი სიმპტომი შესაძლოა უფრო დიდი ხნის განმავლობაში არ შეწყდეს. თუკი ადამიანს პანიკური შეტევა ჰქონდა, იზრდება რისკი, რომ კვლავ ექნება (ანუ თუ არასოდეს ჰქონია, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მომავალში განუვითარდეს). როდესაც პანიკური შეტევები ხშირად იჩენს თავს, საქმე გვაქვს შფოთვით აშლილობასთან.

რა კარგი იქნებოდა, ზუსტად გვცონოდა, რა იწვევს პანიკურ შეტევებს, მაგრამ, აქაც მხოლოდ ვარაუდებია, ალბათ გენეტიკურია, ალბათ შფოთვისაკენ მიდრეკილება ბიოლოგიურად განპირობებულია და ალბათ ზოგიერთი პიროვნება მეტად მოწყვლადია, ვიდრე სხვა.

თუმცა, ვიცით, რა ქიმიური პროცესები მიმდინარეობს პანიკური შეტევების დროს, რაც მედიკამენტოზური მკურნალობის პოპულარობას განაპირობებს. უამრავი პრეპარატი გამოიწერება პანიკური შეტევისას. არადა, კვლევებმა გამოავლინა, ეფექტური მართვისათვის მხოლოდ წამალი არ კმარა. აუცილებელია ფსიქოთერაპიაც. ასე ტონი სოპრანოსაც მხოლოდ წამლის ყლაპვა უნდოდა, მაგრამ არა, ხალხის ცემასა და კორუფციულ გარიგებებს შორის მაინც წამოცდებოდა-ხოლმე „ვაიმე, გული!“ და ენარცხებოდა მიწაზე. 

თერაპიის გავრცელებული მეთოდი

მაშ რა ვქნათ? პანიკური შეტევისას ხშირად იყენებენ კოგნიტურ-ბეჰევიორულ მეთოდს (არ გეცნობათ ეს ინგლისურეონავი მიდგომები? აი, პოსტი ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებაზე!). ამ მიდგომის მიხედვით, პანიკური შეტევა არის სხეულის სიმპტომების გაზვიადებული ინტერპრეტაცია. ანუ, ადამიანის რწმენა, რომ საშინელება ემართება, მართლაც საშინელებას მართებს. პრობლემა პანიკური შეტევა კი არ არის, პრობლემაა როგორ ვრეაგირებთ ამ შეტევაზე. თერაპიის ეს მიმართულება გვეუბნება, რომ  მთავრია გავიაზროთ: მომატებული გულისცემა არ ნიშნავს გულის შეტევას; სუნთქვის სიძნელე არ ნიშნავს დახრჩობას, თავბრუსხვევა არ ნიშნავს გულისწასვლას; პანიკური შეტევა არ ნიშნავს სიკვდილს.

კოგნიტურ-ბეჰევიორული თერაპია პაციენტს უბიძგებს „გამოიჭიროს“ მსგავსი ავტომატური აზრები და შეცვალოს რაციონალურით - ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ვშფოთავ, მაგრამ არ ვკვდები. ეს საკმაოდ ეფექტური მეთოდია, რადგან ადამიანი სწავლობს სიმპტომის მართვას. ბოლოს და ბოლოს სიმპტომი აღარ ხდება შემაწუხებელი.

თუმცა, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია. კოგნიტურ-ბეჰევიორულ თერაპიას ერთი მინუსი აქვს - ის კოგნიტური (შემეცნებით)-ბეჰევიორულია (ქცევითი) :-) ახლავე ავხსნი, რასაც ვგულისხმობ. ამ მიდგომით ხდება ემოციების იგნორირება - რა ვქნათ, როდესაც ვიცით, რომ ტყუილად გვეშინია, მაგრამ მაინც გვეშინია? და მეორე: სხეულს საერთოდ არ ეთმობა ყურადღება, არადა პანიკური შეტევა ფსიქოსომატიკის პირდაპირი გამოვლინებაა. მესამე პრობელემა კი იმაში მდგომარეობს რომ იმართება სიმპტომი, მაგრამ მიზეზი უცნობი რჩება.

ფიგურა და ფონი

გეშტალტ ფსიქოლოგიაში წამყვანია ფიგურისა და ფონის ცნება: უამრავი ფსიქიკური ფენომენის ფონზე, ადამიანისათვის მოცემულ მომენტში მხოლოდ ერთი ხდება წამყვანი. მაგალითად, ფონად მაქვს, რომ ვარ ფსიქოლოგი, ვბეჭდავ პოსტს, ვარ ორსულად, ზურგი დამეღალა, ა.შ., მაგრამ მოცემულ მომენტში ფიგურა ხდება ჩემი წამყვანი საჭიროება - მშია. ფონიდან ფიგურის გამოყოფის შემდეგ, ვიწყებ ფიგურის, ანუ საჭიროების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას - თუ მშია ვეძებ საკვებს, თუ მარტო ვარ- ვეძებ პარტნიორს. ეს არის პიროვნების ერთ-ერთი საბაზისო ფუნქცია. ხშირად ეს პროცესები შეუმჩნევლად, ავტომატურად მიმდინარეობს. ვერც კი ვხდებით, როგორ ვაფასებთ ფონს, ამ ფონიდან ვარჩევთ ფიგურას და მერე ამ ფიგურის ირგვლივ ვიწყებთ აქტივობას.

თუმცა, პანიკური შეტევის დროს, ფონი ხდება წაშლილი: ის აღარ არის ბუნებრივი მოცემულობა. შესაბამისად, ვერ ხდება ფიგურის გამოყობა, საჭიროების დაკმაყოფილებისათვის საჭირო რესურსების ძიება. 

წარმოდიგინეთ, რომ მიწა რომელზეც დგახართ, მიწა, რომელსაც უპირობოთ აღიქვავთ, რომელზეც იზრდება მცენარე, დადის ძაღლი, დგახართ თქვენ, უცებ ქრება. რა მოუვა მცენარეს, ძაღლს, თქვენ?

იმისათვის, რომ ადამიანი არსებულ მოცემულობაში დაბრუნდეს, მან უნდა შეიგრძნოს, რომ ის იმყოფება აქ და ამჟამად. უნდა მოხდეს სენსიტიზაცია, გაცნობიერება და მობილიზაცია - ფსიქოლოგიური ტერმინების კორიანტელმა არ შეგაშინოთ, ამ პროცესების ასამოქმედებლად ხშირად მარტივი სავარჯიშოები გამოიყენება - მაგალითად, სუნთქვითი სავარჯიშო.

სუნთქვითი სავარჯიშო, როგორიც არის

კლიენტმა გარემოსთან სენსიტიზაცია უნდა მოახდინოს - ანუ შეიგრძნოს სად მთავრდება ის და სად იწყება გარემო, რომ ცალკე არსებობს ის და ცალკე არსებობს გარემო.

სუნთქვითი სავარჯიშოს ყველაზე მარტივი მაგალითია: ნელა შეისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით. ეცადეთ ამოსუნთქვა ორჯერ ხანგრძლივი გახადოთ, ვიდრე ჩასუნთქვა. შეინარჩუნეთ რიტმი. ამისათვის შესაძლოა დაითვალოთ „ერთ“ ჩასუნთქვისას და „ორი, სამი“ ამოსუნთქვისას.

სუნთქვისას ეცადეთ დიაფრაგმით ისუნუთქოთ, რომელიც მკერდს ქვემოთ მდებარეობს. ჩვენთვის ჩვეული მკერდისმიერი სუნთქვა სინამდვილეში ნაკლებ ეეფქტურია, ყოველი ასეთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ზედაპირულია.

ამიტომ,  დაიდეთ ხელი მკერდის ქვეშ, ჩაახველეთ და დააკვირდით, სად ამოძრავდა დიაფრაგმის კუნთი. სუნთქვითი სავარჯიშოს შესრულებისას ხელი დიაფრაგმაზე გედოთ და დააკვირდით მის მოძრაობას.

ეს რა თქმა უნდა პირველი ნაბიჯია. მას შემდეგ რაც ადამიანი საკუთარ ფიზიკურ მესა და გარემოში ორიენტაციას დაიბრუნებს, ფონიდან ცალ-ცალკე ფიგურების გამოკვეთას შეძლებს და ამ პროცესებს გაცნობიერებულად წარმართავს შესაძლებელია სიღრმისეული ემოციური კომპონენტის განხილვაც და პანიკური შეტევის სერიოზული კვლევაც.

მანამდე კი ისუნთქეთ სწორად.

პ.ს. გნებავთ დამატებითი მასალა ფსიქოლოგიურ საკითხებზე? გსურთ კითხვების დასმა? ეწვიეთ ჩემს გვერდს https://www.facebook.com/fsikoterapia

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები