თეორემა

თეორემა: კითხვები ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის გარშემო

"მე მინდა, ვუთხრა ივანიშვილს, როცა „რუსთავი 2"-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხდოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მანაც ისეთი, რისი გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს"

"თუ დვალი და აქიმიძე მართლები არიან, მაშინ მეც მართალი ვარ და, თუ ქიბარია მართალი, მაშინაც მეც მაქვს მოთხოვნის უფლება... ორივე გადაწყვეტილების შემთხვევაში მე "ცოცხალი" ვრჩები. უჩემოდ სასამართლო ვერ დაამთავრებს ამ თემას"

ეს სიტყვები ეროსი კიწმარიშვილს ეკუთვნის.

ის რომ რუსთავი ორის თემის "დამთავრება" ბიძინა ივანიშვილის პრიორიტეტია საიდუმლო არავისთვისაა. ამაზე ივანიშვილიც დაუფარავად საუბრობს და ღიად ისაუბრა ვიცე პრემიერმა კახი კალაძემაც, როდესაც ტელეკომპანია იმედის ეთერში, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსთავი ორი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

კახი კალაძის განცხადება შეუმჩნეველი არ დარჩა ეროსი კიწმარიშვილს, რომელმაც სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, გაზეთ პრაიმ ტაიმს ინტერვიუ მისცა და ბიძინა ივანიშვილის მიერ, მედიაზე კონტროლის დამყარების განზრახვაზე ისაუბრა:

"ხელისუფლება ჩემს პარტნიორებთან გარკვეული ალიანსის გზით ცდილობს რუსთავი ორზე გავლენა მოიპოვოს. რა ტიპის და როგორი ალიანსის დამყარების მცდელობაა, არ ვიცი. ძალიან საინტერესო დეტალია კალაძის განცხადება რუსთავი ორთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ტელევიზიას მისი მეპატრონე დაიბრუნებს... რუსთავი ორთან დაკავშირებით, შემიძლია პირდაპირ და ყოველგვარი ირონიის გარეშე გითხრათ, რომ თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება კლასიკური პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი. "

ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსთავი ორის საქმის მთავარი მოწმე ავტოფარეხში, ტყვიით გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ეროსი კიწმარიშვილის ძმა ამბობს, გარდაცვლილი იჯდა მძღოლის ადგილას, ეკეთა ღვედი, მანქანის ფარები იყო ანთებული. იარაღი, რომელიც მანქანაში იპოვეს სუფთა იყო - სისხლის კვალის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველაფერი სისხლით იყო გასვრილი. როგორც ოჯახის მიერ მიწვეული ექსპერტები ამბობენ, სიკვდილი იარაღის მიბჯენით გასროლის შედეგად დადგა.

ამ გარემოებების მიუხედავად პროკურატურამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ოჯახი და ახლობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ.

რა კითხვები ჩნდება ტელეკომპანია რუსთავი ორის საქმის მთავარი მოწმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამ კომპანიის ამჟამინდელი მფლობელებისთვის წართმევით იმუქრება, ამ თემაზე ვიმსჯელებთ დღეს თეორემაში.

გადაცემის სტუმრები: გიორგი ტუღუში, შოთა უტიაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, გოჩა სვანიძე.

კომენტარები