თეორემა

თეორემა: საქართველო კრემლის საინფორმაციო ომის წინა ხაზზე

თავისუფალი სამყარო მართალია გვიან, მაგრამ მაინც შეთანხმდა, რომ კრემლის მრავალ მილიარდიანი პროპაგანდის მანქანა, რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.

პუტინის პროპაგანდის უპირველესი მიზანი იმგვარი ნარატივის შექმნაა, რაც მოსკოვის დომინაციას გაამართლებს იმ რეგიონში, რომელსაც რუსეთი უკანა ეზოდ განიხილავს - საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

საგულისხმოა, რომ კრემლმა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კომუნიკაციის სტრატეგია შეცვალა. ის აღარ ცდილობს რუსეთის პოზიტიურად წარმოჩენას და რესურსს ნეგატიურ კამპანიაზე ხარჯავს, რომლის მიზანია დასავლეთის დემონიზება, ლიბერალური ღირებულებებისა და დასავლური ინსტიტუტების მიმართ შიშის, ან ნიჰილიზმის დამკვიდრება, იმის მიხედვით რა ტიპის პუბლიკაზე მუშაობს.

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე დგას, მაშინ როცა დასავლური ღირებულებები მორალს უთხრის ძირს. "ლიბერალიზმი სამართლებრივ კოლაფსამდე, ხოლო შემდეგ აპოკალიფსამდე მიგვიყვანს" - კვერს უკრავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. კირილის სიტყვების მკაფიო ექო სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებშიც ისმის.

პუტინის პროპაგანდა დახვეწილია - ის ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიაზეა გათვლილი. ქსენოფობები და სხვა ექსტრემისტი ჯგუფები კრემლს იმიგრანტების და ჰომოექსუალობის თემაზე უბამენ მხარს. ისინი ერთმორწმუნე რუსეთსა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვაზე აპელირებენ, იმ ღირებულებების, რომლებიც პოსტმოდერნულმა დასავლეთმა "დაივიწყა". ულტრა-მემარცხენეებს ამერიკის ჰეგემონიასთან ბრძოლის საკითხი ხიბლავთ.

იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პუტინისთვის საკუთარი "სიმართლის" გავრცელება, კრემლის მიერ უხვად დაფინანსებული RT (ადრე Russia Today) მოწმობს, რომელსაც სხვა ტიპის მედია ინიციატივებსაც ახმარს. ასეთია Sputnik-ი, რომელიც რადიო და ინტერნეტ საინფორმაციო პროდუქტს ამზადებს 34 ქვეყანაში და 30 ენაზე. Sputnik-მა ქსელი გასული ერთი წლის განმავლობაში მოიყვანა "საბრძოლო" მდგომარეობაში.

გარდა მედიისა, მოსკოვი საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად საზოგადოებრივ აზრზე გავლენას სხვადასხვა ინსტიტუტების მეშვეობითაც ცდილობს - მართლმადიდებელი ეკლესია, კრემლის მიერ სხვადასხვა ფორმით დაფინანსებული ინტელქტუალები, რომლებიც თავს დამოუკიდებელ ექსპერტებად ასაღებენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ა. შ.

საქართველო კრემლის საინფორმაციო ომის ფრონტის წინა ხაზზეა. მართალია სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ ჯერ არ გადამტყდარა, მაგრამ გარკვეულ წარმატებას აღწევს: რუსული ნარატივის მხარდაჭერა იზრდება - იმ ადამიანების წილი, ვინც თვლის, რომ საქართველომ ევროატლანტიკური მისწრაფება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სანაცვლოდ უნდა დათმოს 19%-დან 26%-მდეა გაზრდილი მხოლოდ 6 თვის განმავლობაში.

რა ნაბიჯები უნდა გადავგათ იმისთვის, რომ კრემლთან საინფორმაციო ომში გავიმარჯვოთ, როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ პუტინის პროპაგანდას - ამ საკითხზე ვსაუბრობთ დღევანდელ თეორემაში.

 

კომენტარები