რუსთავი 2-ის საქმე

რატიანი: ხელისუფლებამ იცის, რომ სამართლებრივ გარემოში არჩევნებს ვერ მოიგებს

რასაკვირველია, ცხადია, რომ მოსამართლე ურთმელიძე არის შანტაჟის ობიექტი, რასაკვირველია, ის ამ საქმეს ობიექტურად ვერ განსჯის. კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ სრულიად ნათელი გახდა მის მიერ აქამდე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველიც და მოტივაციაც. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ურთმელიძე არ არის ყველაზე დიდი პრობლემა. დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა დღევანდელი ხელისუფლება, პროკურატურა, რომლის ხელწერა გახდა მოსამართლეების შანტაჟი. თქვენ გახსოვთ გიგი უგულავას საქმე, არსებობს კიდევ არაერთი ფაქტი, როდესაც მოსამართლეებს აშანტაჟებენ, როდესაც მოსამართლეების პირადი ცხოვრება ხდება მათზე ზეწოლის საფუძველი და შესაბამისად, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღება ისე ხდება, როგორც ეს აწყობს მთავრობას. რასაკვირველია, ხელისუფლება დაინტერესებული მხარეა, ეს ჩვენ ვიცით, ამას ისინი არც მალავენ. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ დავხურავთ რუსთავი 2-ს - ამას ამბობდა კალაძე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, ევროსაბჭოს რეზოლუციაშიც არის ნათქვამი, რომ ისეთი მოსამართლეები არიან შერჩეულები, რომლებიც ლოიალურები არიან სახელმწიფოს, ხელისუფლების მიმართ და ისინი მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს უკვე საკმაოდ ბინძური ხელწერაა. საერთოდ საქართველოს მთავრობას უნდა მივცეთ აცილება, იმდენად ამაზრზენად მოქმედებს ამ შემთხვევებში. სრულიად ცალსახაა, რომ მიდის ფართომასშტაბიანი კამპანია რუსთავი 2-ის და სხვა მედია საშუალებების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ასევე ხდება გარკვეული ტიპის ზეწოლა. ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ჩვეულებრივ სამართლებრივ გარემოში მისთვის შეუძლებელი იქნება 2016 წლის არჩევნების მოგება. ეს იმდენად ცხადია მისთვის, რომ საკმაოდ სარისკო თამაშს იწყებს - ეს არის მედიაზე ზეწოლა. ჩვენ დღეს ვიყავით შეხვედრაზე, სადაც ცხადად იკითხებოდა ერთი ფაქტი, რომ თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მზად არის, რომ დაიცვას რუსთავი 2. მე ნათლად ვხედავ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ერთადერთი მარგინალური ძალა არის ქართული ოცნება. ხელისუფლება აზიანებს სიტყვის თავისუფლებას, მედიას, ამის მერე შეუძლებელი ხდება სამართლებრივი არჩევნების ჩატარება. არის განცხადება ჩვენი პარტნიორების, როდესაც ისინი ამბობენ, რომ თუ ზიანი მიადგება სიტყვის თავისუფლებას, ამ შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი რუსთავი 2-ის საქმეზე გადაცემა არჩევანში საუბრისას

კომენტარები