რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია ურთმელიძეს: თუ უარს იტყვით, დაფიქრდით, რა შეიძლება, ამას მოჰყვეს

არცერთი პროცესი არ დაგიმთავრებიათ მოკლე დროში, სახელფასო დავებზეც კი. რით დაიმსახურა რუსთავი 2-მა თქვენი ყურადღება, რომ მის პროცესს ამთავრებთ მოკლე დროში? რით დაიმსახურა ქიბარ ხალვაშმა 3 საათში შუამდგომლობა და რა დაგიშავათ რუსთავი 2-მა კვირების განმავლობაში, რომ არ განიხილავთ მის შუამდგომლობას? მე არ გთხოვთ პასუხს კითხვაზე, ხართ თუ არა უკანონო გარიგებაში ხელისუფლებასთან. მე გთხოვთ პასუხს კითხვაზე - ეს გარემოებები აღძრავს თუ არა ეჭვს თქვენს მიკერძოებულობაზე. თუ თქვენ იტყვით, რომ არა, კიდევ უფრო დაადასტურებთ მიკერძოებულობას. უარი აცილებაზე ნიშნავს სამართლიან სასამართლოზე უარს. ამ პროცესში თქვენი მონაწილეობა იქნება უკანონო და უსამართლო, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ. არავის გვსურს, რომ თქვენ ამ პროცესს იხილავდეთ. ეს სურვილი გაქვთ მხოლოდ თქვენ და მოწინააღმდეგე მხარეს. თუმცა, მასაც ვთავაზობ, ობიექტურ და ნეიტრალურ ველზე გავარკვიოთ, ვინ არის მართალი, გავარკვიოთ არა ერთი, არამედ სამი მოსამართლით, რომლებსაც ორივე მხარე ვენდობით. თუ მართლა არ გეშინიათ მანანა კობახიძის ულტიმატუმების, გირჩევთ ამ პროცესის დატოვებით შემოიფარგლოთ. ამ პროცესს ჩამოშორდით, ჩვენ გვინდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გვაქვს კონსტიტუციით. თუ თქვენ უარს იტყვით, კარგად დაფიქრდით, რა შეიძლება, ამას მოჰყვეს. იმედი მაქვს, პროფესიული თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც გიკარნახებთ, ჩამოშორდეთ ამ პროცესს. ჩვენ ვაპირებთ მონიტორინგს სხვა საქმეებზე, ვართ მხილების რეჟიმში. ვაპირებთ ნებისმიერ ვითარებაში საუბარს იმ კორუფციულ ფაქტებზე, რომლებზეც ეჭვი არსებობს. ამ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია, იყოთ ობიექტური, ნეიტრალური და, როგორც თქვით, ტოლერანტული. ჩვენ არ გვჭირდება ტოლერანტობა და შემწყნარებლობა, გვჭირდება ობიექტურობა. ჩამოშორდით პროცესს და გადაეცით სხვა მოსამართლეს, რომელსაც არ ეყოლება დატყვევებული ოჯახის წევრი, გვარამიას მოძულე ცოლი და არ იქნება მაამებლური წულუკიანისადმი. ადამიანურად გირჩევთ და სამართლებრივად მოვითხოვთ.

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მიმართა.

კომენტარები