რუსთავი 2-ის საქმე

ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილს სურს, დაეპატრონოს საქართველოს

მე დღეს აქ არ ვიცავ რუსთავი 2-ს, მე დღეს ვიცავ აქ ჩემს ქვეყანას ივანიშვილის მიერ ძალაუფლების უზურპაციისგან. NDI-ის კვლევამაც დაადასტურა, ივანიშვილი არის პოლიტიკური ბანკროტი. ის მინიმალურ სტანდარტს რომ აკმაყოფილებდეს, ისეთ თავისუფალ გარემოშიც არჩევნებს ვერ მოიგებს. შესაბამისად, მას სასიცოცხლოდ ესაჭიროება, ჩაახშოს კრიტიკული ტელევიზია იმისთვის, რომ დაეპატრონოს საქართველოს; შეინარჩუნოს საქართველო, როგორც მისი კერძო ბიზნესი და გამდიდრდეს ქართველი ხალხის გაღარიბების ხარჯზე. ჩვენ ვხედავთ, რომ იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ღარიბდება, ივანიშვილის კერძო ბიზნესის, მაგალითად, ქართუ ბანკის მოგება 17.5-ჯერ გაიზარდა 2015 წლის პირველ კვარტალში. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს აინტერესებს საკუთარი სიმდიდრე, საკუთარი კეთილდღეობა და ამ ყველაფრის შენარჩუნება და გაზრდა უნდა ქართველი ხალხის გაღარიბების ხარჯზე. სწორედ ამას ემსახურება რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები. რაც დღეს ხდება, გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ტელეკომპანიის დავა. ამაზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი - მოხდება თუ არა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების უზურპაცია. რასაკვირველია, რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, საბოლოო ჯამში, ხალხი მას განაჩენს გამოუტანს იმის მიხედვით, ჯიბესა და მაცივარში რა უდევს და არა იმის მიხედვით, რასაც ტელევიზორში ხედავს. მაგრამ, რასაკვირველია, ტელევიზიას მიიჩნევს მძლავრ იარაღად მის წინააღმდეგ - მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ტელევიზია რეალობის სარკეა.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სასამართლოსთან, სადაც რუსთავი 2-ის პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები