რუსთავი 2-ის საქმე

ბარამიძე დეპუტატებს: არ უნდა გავწიროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი

ვფიქრობ, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებული საკითხი ძალიან მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის. მოსამართლე ურთმელიძემ განაცხადა, რომ დედამისი არ არის მისი ოჯახის წევრი და, შესაბამისად, თურმე მასზე, როგორც მოსამართლეზე, პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ იქონიებს გავლენას, რაც მე მგონია, ძალიან სამარცხვინოა და აბსურდის ზღვარს სცილდება. არა მგონია, ჩვენს ქვეყანაში რომელიმე ნორმალურმა, სერიოზულმა ადამიანმა თქვას, რომ დედის ბედი არ აწუხებს და დედასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე მასზე გავლენას არ მოახდენს. მოგმართავთ, ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღოთ მონაწილეობა, რამენაირად ზეგავლენა მოახდინოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, პროკურატურაზე, რომ მოიხსნას წნეხი სასამართლოზე და ელემენტარული წესიერება მაინც დავიცვათ; რომ ამ ქვეყანაში ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული იმ მოსამართლის მიერ, რომლის დედაზეც სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. ნუ გავაკეთებთ იმას, რომ პროცესებმა მიიღოს ძალიან არასასურველი ხასიათი. ამით დაზარალდება მთელი ქვეყანა. იმიტომ რომ ეს ის პროცესებია, რომელიც ყველა ზღვარს გადადის. მე ვფიქრობ, რომ არცერთი ხელისუფლება არ ღირს საიმისოდ, ასეთი მდგომარეობა ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში და ასე გავწიროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. მე იმედი მაქვს, რომ არა მარტო უმცირესობაში, არამედ უმრავლესობაშიც არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამას კარგად აცნობიერებს და იმედი მაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესები ცივილიზებული ჩარჩოების ფარგლებში განვითარდეს.

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ დეპუტატებს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

კომენტარები