რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ქვეყანაში დემოკრატია გადაარჩინა

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანაში დემოკრატია და სრულიად დაუკარგა შინაარსი მოსყიდული ზონდერ მოსამართლის ურთმელიძის გადაწყვეტილებას. როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა, განეხორციელებინა ელვისებური რეიდერული აღება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის - ვერ შედგა. ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და სამართლებრივი რესურსები იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ კომპანიისთვის. ჩვენ შევასრულეთ მთავარი ამოცანა - საქართველოს ტელემაყურებელს შევუნარჩუნეთ სიმართლის ხმა. ამიერიდან ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზეც, იმიტომ, რომ სამართლებრივად როგორ შეგვიძლია ომი ხელისუფლებასთან, ეს უკვე ვაჩვენეთ ყველას და ეს ნახა საქართველოს მოსახლეობამ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი არის ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ მომაკვდინებელი დარტყმა მივაყენეთ ბიძინა ივანიშვილს და გადავარჩინეთ, ჩვენი აზრით, ქართული დემოკრატია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ერთადერთი ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუციაა ამ ქვეყანაში და რომელმაც თავის თავზე აიღო საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს იურისტებს, საუკეთესო იურიდიულ გუნდს ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ჩვენს ტელემაყურებელს, რომელიც ყოველდღიურად და ყოველწუთიერად გვიჭერს მხარს. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ არც ერთი წამით არ შევწყვეტთ წინააღმდეგობას, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ კომპანიას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ძალაში და ტელეკომპანია რუსთავი 2 ისევ ეკუთვნოდეს იმ ადამიანებს, ვინც მას კანონიერად ფლობს დღეს და რაც მთავარია, ისევ ეკუთვნოდეს ქართველს ხალხს და მის საყვარელ ტელემაყურებელს. ყველას გილოცავთ, ჩვენი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის, სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გადავარჩენთ ქვეყნის დემოკრატიასაც.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.

კომენტარები