ე.წ. თვითმკვლელი ღვთისმშობელი

მინდიაშვილი უკლებას ნახატზე: საპატრიარქოს არ აქვს რელიგიური ინტერესები

... საპატრიარქოს ინტერესი არ არის დაკავშირებული მაინცდამაინც 'რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე' პასუხის გაცემასთან. ვიცით, რომ ეს სურათი უკვე სამი წელია დახატულია, იყო რაღაც მცირე გამოხმაურება. თავის დროზე დეისაძის პერფომანსზე რეაგირებაც მხოლოდ სამი თვის შემდეგ მოხდა, წინასაარჩევნოდ. ჩემი აზრით, სპატრიარქო ცდილობს, მმკ-ს და მისი მსგავსი ჯგუფების მეშვეობით, მობილიზება მოახდინოს, ალბათ მომავალში გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯების გადასადგმელად. მაგალითად, სხვა სფეროდან - შანგრილა გაიხსნა საპატრიარქოსთან და პატრიარქმა იქადაგა, რომ შანგრილა უნდა აიკრძალოს, იმიტომ რომ შეურაცხმყოფელია ერის მორალური სახის და საპატრიარქოსი. ოთხი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საპატრიარქოს აქვს საერთო ბიზნესინტერესები სამორინესთან. კრწანისის ტყე-პარკის ერთობლივი მფლობელები იყვნენ ისინი. ასევე გვახსოვს სოკარის წინააღმდეგ პიკეტები, როდესაც ამბობდნენ, რომ სოკარი აფინანსებს მეჩეთების მშენებლობას და ამიტომ, მართლმადიდებლებმა არ უნდა მოიხმარონ სოკარის პროდუქცია, ზუსტად ერთი წლის თავზე სოკარი აფინანსებს ფაქტობრივად მთელი საპატრიარქოს გაზს და ალბათ, ბენზინსაც. ამის შემდეგ სოკართან აქციები არ გვინახავს. იმის თქმა მინდა, რომ საპატრიარქოს არ აქვს რელიგიური ინტერესები, ეს არ არის მისი წინა პლანი. მისი წინა პლანი არის ერთი მხრივ ეკონომიკური ინტერესები და მეორე მხრივ, პოლიტიკური, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ფორმით განვითარდეს. ეს [განცხადება ლია უკლებას ნახატზე] არის უბრალოდ მორალური პანიკა, რომელიც არაერთხელ დაუთესავს საპატრიარქოს იმისთვის, რომ გარკვეული დივიდენდები მიიღოს. ახლა იმის თქმა ძნელია, რისკენ შეიძლება იყოს მიმართული. ვნახავთ, ამას მოჰყვება განვითარება, როგორც ეს იყო 2010 წელს წინასაარჩევნო პერიოდში, თუ არა. თავისი განცხადებით, საპატრიარქო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, სახალხო დამცველს ანუ ფართო ფრონტის გაშლა სურს ამ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით, რისთვისაც არ მიუქცევია ყურდღება სამი წლის წინ.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მხატვარ ლია უკლებას ნახატთან (ე.წ თვითმკვლელი ღვთისმშობელი) დაკავშირებით პატრიარქის განცხადებაზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები