რუსთავი 2-ის საქმე

ნაცვლიშვილი: სამუშაო ურთიერთობები მოსამართლის აცილებისთვის დაბალი სტანდარტია

თავისთავად ის ფაქტი, რომ ადამიანებს სამუშაო ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ალბათ, ძალიან დაბალი სტანდარტი იქნება აცილების დასაკმაყოფილებლად. თუ არსებობს სხვა გარემოება, ეს განხილვის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისმა კოლეგიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და დასაბუთებული უარი თქვას. თუ დათანხმდება აცილებას, მაშინ გასაგები იქნება, მაგრამ თუ მოსამართლეები და შესაბამისი კოლეგია იმსჯელებს და გადაწყვეტს, რომ ეს არ არის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობა და არ არსებობს აცილების საფუძველი, ისინი დაასაბუთებენ ამას და ეს საზოგადოებისთვის გახდება გასაგები. ზოგადად, ვინაიდან ეს მაღალი საჯარო ინტერესის პროცესია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი, არც საერთო სასამართლოების საქმიანობასთან მიმართებაში და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიუკერძოებლობასთან მიმართებაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გარკვეული ტიპის ეჭვები პარლამენტის მხრიდან გაჟღერდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის საქმეზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საჯაროდ უნდა გასცეს ამ საკითხებს პასუხი.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის შუამდგომლობაზე. საკანონმდებლო ორგანო რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2-თან მიმართებით მიკერძოებულად და არაობიექტურად მოქმედებენ.

კომენტარები