შეწყალების კომისია

კობახიძე: მეღიმება რა... ვფიქრობ, პრეზიდენტს აქვს გამოძიებისთვის სათქმელი

მეღიმება რა, მართლა მეღიმება. პრეზიდენტები და მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირები ასე არ იქცევიან - ყურში ჩურჩულით და რაღაც ზეპირი ინფორმაციის მიწოდებით არ უნდა კმაყოფილდებოდნენ, თუ მაღალი თანამდებობის პირები კორუფციულ ორგანიზებულ დანაშაულს ჩადიოდნენ. მათ შორის ადამიანი, რომელიც არაერთგზის ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, თქვენი მონა-მორჩილი, თუ ჩართული იყო კორუფციულ გარიგებაში და ეს პრეზიდენტმა იცოდა და ამაზე რეაგირება ვერ მოახდინა, და ფაქტია ვერ მოახდინა, შედეგი არ არის და ეს ადამიანი თუ ისევ აგრძელებს კორუფციულ საქმიანობას და პრეზიდენტი ვერ რეაგირებს, ეს ძალიან სირცხვილია, ქვეყნის და ამ ინსტიტუტის სირცხვილია. აუცილებლად, ბატონმა გიორგიმ უნდა ბრძანოს, რა ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ უკვე ძალიან მეცინება. მე ვფიქრობ, თავად პრეზიდენტი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ეს საკითხი გაირკვეს, მე ვფიქრობ, პრეზიდენტს აქვს რაღაც სათქმელი გამოძიებისთვის.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ე.წ. შეწყალების კომისიის საქმეზე. ცნობისთვის, პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას მესიჯები წააკითხა. ელისაშვილმა გუშინ პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, დაედასტურებინა ან უარეყო, წააკითხა თუ არა მას მესიჯები. ასევე გუშინ პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მიტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს. ელისაშვილი კი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს.

კომენტარები