ვიზალიბერალიზაცია

ილია II: ვფიქრობთ იმაზეც, რას შეიტანს საქართველო ევროპაში

დღეს ჩვენ მოგიწვიეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკომისიამ მიიღო დადგენილება, რომ საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხისა და მათ შორის, საქართველოს ეკლესიისა. უნდა ითქვას, რომ დიდი ხანია, საქართველოს ჰქონდა და აქვს სურვილი, იყოს ევროპის სტრუქტურების წევრი, მონაწილე და ამაში მიღწეულია დიდი შედეგებიც... გვაქვს მჭიდრო კავშირი სხვადასხვა ქვეყნებთან, ეკლესიებთან, ვატიკანთან... მაგრამ მე მინდა, ვთქვა, რომ გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი, ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ. ვფიქრობთ არამარტო იმაზე, რას მოგვიტანს ევროპა ჩვენ, არამედ იმაზეც - რას შევიტანთ ევროპაში. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა უკვე იყო საქართველოში სახელმწიფო რელიგია, მეოთხე საუკუნეში ითარგმნებოდა სახარება, იქმნებოდა ლითონის და სხვა ნივთები, იწერებოდა წიგნები. ეს ყველაფერი უნდა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას. ამის იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოგახსენოთ თქვენ, ვინც დიდი წვლილი შეიტანეთ ამ დიდ საქმეში. 

პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს უმასპინძლა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში.

კომენტარები