დიდთოვლობა გზებზე

ქუმსიშვილი: რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი რჩება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში კოორდინირებულად მოქმედებდნენ და ოთხდღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად სიტუაცია დასტაბილურებულია. დასავლეთ საქართველოში სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა ობიექტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს. რეგიონებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და 100-მდე ერთეული ტექნიკა, რომლებიც საგანგებო 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ პრემიერმინისტრის დავალებით, გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს ადგილზე კოორდინაციას უწევენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია 22 ათასი აბონენტისათვის, ხოლო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 3 ათასამდე აბონენტი, რომელთაც დღეს 22 საათისთვის აღუდგებათ ელექტროენერგია. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები გზებზე. საავტომობილო მაგისტრალებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მინიმუმამდეა დაყვანილი. 111 პუნქტი არის გახსნილი, სადაც მობილიზებულია შესაბამისი თოვლსაწმენდი ტექნიკა და ტექნიკური მარილის მარაგი. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ამ დროისთვის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა თავისუფალია და გაწმენდითი სამუშაოების წარმოების შედეგად გაიხსნა ქუთაისი, ტყიბული, ამბროლაურისა და ჩოლაბაურის ხიდი, თერჯოლის საავტომობილო გზა. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თოვლისა და ყინულის, ასევე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით რამოდენიმე საავტომობილო გზაზე რჩება მოძრაობის სპეციალური რეჟიმები, რის შესახებაც მოსახლეობას აქტიურად მივაწოდებთ ინფორმაციას.

ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დიდთოვლობასა და სალიკვიდაციო სამუშაოებზე

კომენტარები