ეროვნული ბანკი

ქადაგიძე: სამინისტროების რაოდენობის განახევრება თავისუფლად შესაძლებელია

თუ ვსაუბრობთ კითხვაზე, სად არის რეზერვი, სად შეიძლება ბიუროკრატიის შემცირება და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, შემიძლია ვთქვა შემდეგი: საქართველო დღეს იმართება 19 სამინისტროს მეშვეობით, რომ არაფერი ვთქვა სხვადასხვა სსიპ-ებზე და სხვადასვხა სტრუქტურებზე. იგივე შვეიცარია, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში, იმართება 8 სამინისტროს მეშვეობით. რა თქმა უნდა, ბიუროკრატიის შემცირების რეზერვი არის ძალიან დიდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო უკლებლივ. მაგალითად, ევროინტეგრაციის სამინისტრო გაუქმდეს და როგორც დეპარტამენტი, შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. გაუქმდეს, მაგალითად, სასჯელაღსრულების სამინისტრო. სასჯელაღსრულების სამინისტრო არ გვხვდება თითქმის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში. ის არ იყო არც ჩვენთან, სასჯელაღსრულების სისტემა იყო იუსტიციის სამინისტროს ნაწილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროკურატურა შეუერთდა იუსტიციის სამინისტროს, უნდა გამოყოფილიყო ინტერესთა კონფლიქტის გამო. დღეს, როდესაც პროკურატურა გამოეყო იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ და პენიტენციური სისტემა და პრობაციის სისტემა მთლიანად დავუბრუნოთ იუსტიციის სამინისტროს. სპორტის სამინისტრო მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ. პროფესიული სპორტი დავუთმოთ ფედერაციებს, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი კი გადავცეთ ან განათლების სამინისტროს ან თავდაცვის სამინიტროს, როგორც არის შვეიცარიაში ან ავსტრიაში. ასევე, კულტურის სამინისტრო, რომელიც არის პრაქტიკულად საბჭოთა გადმონაშთი. თუ ჰოლანდიას არ აქვს კულტურის სამინისტრო - ვერ ახერხებს ჰოლანდია საკუთარი კულტურის პროპაგანდას? თავისუფლად შესაძლებელია სამინისტროების რაოდენობის განახევრება, ეს ჩვენ მოგვცემს დაზოგილ ასობით მილიონ ლარს და სულ რომ არაფერი გავაკეთოთ ამ თანხით და შევამციროთ სახელმწიფოს ბიუჯეტის დეფიციტი, ჩვენ პრაქტიულად გავალთ ძალიან ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები