გაფიცული მეშახტეები

ნოდია: რა უფლებით იღებენ მემარცხენეები გადაწყვეტილებებს მაღაროელების მაგივრად?

ბევრი არაფერი მესმის ტყიბულის მაღაროების საკითხში, მაგრამ გავიგე, რომ მუშებს ბოლო წლებში სერიოზულად შეუმცირდათ ხელფასი. ამის გამო (ისევე, როგორც შრომის ცუდი პირობების გამო) მათი აღშფოთება ჩემთვის სრულიად გასაგებია. მაგრამ ისიც გავიგე, რომ ამავე პერიოდში ქვანახშირის ფასი მსოფლიო ბაზარზე სამჯერ დაცემულა. თუ ასეა, გაფიცულთა პირობების შესრულება (კერძოდ, ხელფასების 40 პროცენტით გაზრდა), სავარაუდოდ, შეუძლებელია, ანუ მაღაროების დახურვას და მუშების მიერ იმ მწირი შემოსავლის დაკარგვასაც გამოიწვევს.
ჩემი მიზანი ეკონომიკური ანალიზი არ არის - ამაში კომპეტენტური არ ვარ და მხოლოდ სხვისი ნათქვამის განმეორება შემიძლია. ჩემთვის მთავარია თბილისელი სვეცკი მემარცხენეების რეაქცია, როდესაც ამ ვითარებას უხსნიან. ტიპური პასუხი ასეთია: „მონურ შრომას მაღაროების დახურვა ჯობია“. თავი გავანებოთ სიტყვა „მონის“ მნიშვნელობის გაუგებრობას, რომელიც ამ ნათქვამში ვლინდება (მისი მნიშვნელობის განმარტება კი საშინელ მრისხანებას იწვევს). მთავარია იდეოლოგიური პრინციპის აღმატებულება კონკრეტული ადამიანის ინტერესებზე. რა უფლებით იღებენ თბილისელი მემარცხენეები ასეთ გადაწყვეტილებებს მაღაროელების მაგივრად? დაუსვა რომელიმე მემარცხენე იდეოლოგმა რომელიმე მუშას კითხვა, მზადაა თუ არა ის დაკარგოს ის 200-დოლარიანი ხელფასი (მართლაც ძალიან ცოტა ძალიან მძიმე შრომისთვის) და ცოლ-შვილი აშიმშილოს? თუ ეს მოხდა, მზად არიან თბილისიდან ჩასული იდეოლოგები, რომლებიც მათ რადიკალური ნაბიჯებისკენ აქეზებენ, პასუხისმგებლობა აიღონ ამ ადამიანების და მათი ოჯახების გაუარესებული მდგომარეობისთვის? ვინ უფრო „გულქვაა“, ან ვინ უფრო ზრუნავს იმ რიგით მშრომელებზე: "მემარჯვენე", ვინც ცდილობს ამ ყველაფრის რეალური ეკონომიკური პარამეტრები დათვალოს, თუ იდეოლოგი, რომელიც გაყვირის აბსურდულ ლოზუნგს „მაღაროები მუშებს“, სინამდვილეში კი კონკრეტული ადამიანების გასაჭირი ღრმად კიდია?

პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ში.

კომენტარები