ვიზალიბერალიზაცია

ბოკერია: რუსეთთან "დალაგების" პროცესში დავკარგეთ საერთაშორისო პოზიციები

ყველას უნდა გვახსოვდეს - ივანიშვილი მოვიდა დაპირებით, რომ ალაგებდა რუსებთან ურთიერთობას. და რა ირკვევა ახლა? რომ, რა თქმა უნდა, რუსეთთან ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ვერაფერი ვერ დაალაგა და ამ პროცესში დავკარგეთ საერთაშორისო პოზიციები, დავკარგეთ ის ტემპი, რომელიც გვქონდა ევროინტეგრაციაში. მინდა გაგახსენოთ, რომ ყველა ის კარგი შედეგი, რომელიც დადგა - ასოცირების ხელშეკრულება, სავიზო რეჟიმის გადასვლა ბოლო ფაზაში, ეს არის ყველა ის საკითხი, რომელიც პოლიტიკურად გადაწყდა კარგა ხნის წინ, ანუ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე. ეს არ ნიშნავს, რომ შემდგომი სამუშაო გასატარებელი არ იყო. იყო, იმ ბიუროკრატს (კარგი გაგებით) მადლობაც უნდა ვუთხრათ, ვინც იშრომა, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა იშრომეს ცუდად - იზარმაცეს, ნელა იმოქმედეს. როცა მოლდოვამ მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, შემდეგი წელიწადი იყო მომენტუმი, როდესაც სწრაფად უნდა მივყოლოდით და ამის მაგივრად უბრალოდ იზარმაცეს. რა უნდოდა პარლამენტში იმ პაკეტების გატანას, რომელიც ამასთან იყო დაკავშირებული? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რატომ დასჭირდა ამას ექვსი თვით თუ ერთი წლით მეტი? ამის შემდეგ კი გაატარეს ის მავნებლური ნაბიჯები, რომლებმაც ჩვენ დაგვაზარალა და რომლებმაც გააჩინა ევროპაში ის კითხვები, რომლებიც ბუნებრივად გაჩნდებოდა და არსებობს კიდეც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები