რესპუბლიკური პარტია

უსუფაშვილი: როგორ უნდა მოვახერხოთ თან თანამშრომლობა, თან კონკურენტობა? - ასე

დღეს ბევრი სვამს კითხვას, როგორ უნდა მოვახერხოთ მე და ბატონმა გიორგიმ ან რესპუბლიკელებმა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თან თანამშრომლობა და თან კონკურენტობა - როგორ და ასე. იმიტომ, რომ სხვანაირად ევროპული დემოკრატია არის წარმოუდგენელი. სხვანაირად - თუ ყველა კოალიცია არჩევნებს რომ მიუახლოვდება, ჩამოიშლება, მთავრობა წავა-წამოვა, უმრავლესობა დაიშლება, მაშინ როგორ წარმოგვიდგენია მრავალპარტიული ცხოვრება? მაშინ მივექანებით ისევ ერთპარტიულობისკენ, რომ ერთი პარტია უნდა მართავდეს და სხვას არავის არ უნდა ესაქმებოდეს. ამ გადმოსახედიდან, ეს არის ის პროცესი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს. ჩვენ, რეპუბლიკურმა პარტიამ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენი მოქმედებებით არ დავაზიანებთ ქვეყნის სტაბილურობას, არ გავაჩენთ არანაირ კითხვას ქვეყნის განვითარების ვექტორებთან დაკავშირებით, არ შევუშლით ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, რომ არცერთი კითხვა არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე ხომ არ არის? ეს არის ჩემი პასუხი იმ კრიტიკოსებთანაც, რომლებიც ბრძანებენ, რომ - რატომ დაუყოვნებლივ არ მიდიხართ ოპოზიციაში? იმიტომ არ მივდივართ, რომ ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ჩვენ ერთად ვმართავთ ქვეყანას და კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა ან უმრავლესობის დაშლა პარლამენტში და ასე შემდეგ, რა სირთულეებს შექმნის. ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, როგორც გვქონდა დღემდე. მიმდინარე საქმეებშიც, სამთავრობო საკითხებშიც. 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები