ეკონომიკა

გოცირიძე: პროფესიონალების თვალში ქუმსიშვილი უსუსურად გამოიყურებოდა

გუშინდელ "არჩევანში" ეკონომიკის მინისტრთან ინტერვიუ სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გამხდარა. ჟურნალისტებს საყვედურობენ, რომ ეკონომიკის მინისტრს სათანადოდ ვერ გაუწიეს ოპონირება და მის მიერ დახვავებულ რიცხვებს საპასუხო ვერ დაუპირისპირს. ჟურნალისტს არა აქვს სხვა სტატისტიკური ინფორმაცია, თუ არა ოფიციალურად გამოქვეყნებული. მინისტრის მიერ მოყვანილი თითქმის ყველა რიცხვი და ინფოგრაფიკა იყო სამინისტროს მიერ საიდანღაც მოტანილი და გაანგარიშებული, რომლის სისწორეს ვერავინ დაადგენს. მაგ: ჩვენ დროს კილომეტრი გზის დაგება ღირს 9,5 მილიონი ლარი, იმათ დროს 11 მილიონიო. რა უნდა გავიგო აქედან. იმათ დროს იქნებ მთაზე აშენებდნენ გზას და ამათ დროს ბარში. ან იმათ წელიწადში X კილომეტრი გაჰყავდათ, ჩვენ კი Y. რატომ დავიჯერო? სად წერია ეს? ან იმათ დაიწყეს და ესენი იძულებული არიან გააგრძელონ. გაიყვანდნენ აბა რა? ან კიდევ: გაივსო ქვეყანა ტურისტებით. ბათუმში უკვე დღეისათვის ყველაფერი დაჯავშნულია. კი მაგრამ, ბათუმი რომ აშენდა, უნდა გაივსოს აბა რა? რატო არ ივსებოდა ასლან აბაშიძის დროს? მაშინ საქართველოში 350 ათასი ვიზიტორი შემოდიოდა (აქედან ტურისტები ძალიან ცოტა), წელს 6 მილიონს გადააჭარბებს. რატომ? ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტები ააფრიალა. რას იძლევა რაღაც ორი სურათის შედარება. ალბათ საგანგებოდ შერჩეული: ერთი დანგრეული ქოხი მეორე გარემონტებულის გვერდით. და მერე რა? წინა ხელისუფლებამ 15 ევროპული სტანდარტის აგროსაწარმო შექმნა. მაცივრები, სანერგე მეურნეობები, წისქვილკომბინატები. თხუთმეტივე გაჩერებულია. ას მილიონამდე დაიხარჯა. ორი წელია ყიდის უკვე ეს მთავრობა და სიმბოლურ ფასადაც კი ერთიც არ გაიყიდა. რომ აჩუქო არავის უნდა. ვერ ქმნის სახელმწიფო ცოცხალ ბიზნესორგანიზმს. ამათი ყველა საწარმო (კიდევ კარგი დიდები არაა და ბევრიც არაა) ასევე გაჩერდება. სასაცილო იყო დაფაზე გაკრული რიცხვები. რამდენი დახარჯე სოფლად ეს კი არ არის მთავარი, არამედ რამდენით მეტი მოსავალი მოიწიე. იძახის უფასო ხვნა-თესვაო. ჟურნალისტი ეუბნება, მოხნული ფართობი რატომ შემცირდა, ოფიციალური სტატისტიკა ამას ამბობსო... არ შეიძლება მოგება-წაგების კრიტერიუმით ამ ტიპის დიალოგის შეფასება. ვიღაცის თვალში ჟურნალისტები მოუმზადებლები იყვნენ. შეიძლება. შეიძლება მინისტრი უკეთ მოამზადა მთელმა სამინისტრომ. თუმცა პროფესიონალების თვალში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა მთელი უწყება და მინისტრიც. არასანდო სტატისტიკამაც ვერ უშველა. ერთი კითხვა: გინდათ ეს ეკონომიკური გუნდი წაგიძღვეთ ნათელი მომავლისკენ? ოღონდ გულწრფელად!

 

კომენტარები