26 მაისი

ხიდაშელი: ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით არას ოკუპაციას

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 98 წლის წინ, ამ ადგილთან ძალიან ახლოს, აქვე, რუსთაველის გამზირზე, საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელმაც ბევრი თაობის ქართული ოცნება რეალობად აქცია და ოკუპაციის პირობებშიც კი, ჩვენს ორიენტირად იქცა. მაშინ, მეოცე საუკუნის ქართულმა პოლიტიკურმა და სამხედრო ელიტამ ერთხმად გამოაცხადა, რომ აქ, ამ მიწაზე დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა. რესპუბლიკა, რომელიც დაეფუძნებოდა ადამიანის უფლებებს, ადამიანის თავისუფლებას, ყველას თანასწორობას. რესპუბლიკას, რომელიც იბრძოლებდა უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის. დღეს განსაკუთრებით მინდა მივესალმო ამ დიდებული დღის შემოქმედთა შთამომავლებს, რომლებიც აქ, ჩვენთან ერთად იმყოფებიან. ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ჩხენკელის, ბერიშვილის და სხვათა შთამომავლები, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 25 წლის წინ აქვე, საქართველოს პარლამენტში, მორიგ ჯერზე დაგვჭირდა დამოუკიდებლობის გამოცხადება, რაც ადასტურებს, რომ ეს გზა არ ყოფილა ადვილი. ეს იყო ბრძოლის, ომის, თავგანწირვის, თავისუფალი საქართველოს იდეას შეწირული, ბევრი თაობის მიერ გავლილი მძიმე გზა. „არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა", - ასე მიმართა 25 წლის წინ ქართველმა გენერალმა საქართველოს და მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები მთელი საქართველოს ისტორიაა. დიახ, კლავდნენ და არ კვდებოდა, კლავდნენ და მაინც დგებოდა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. ბატონებო, ეს დღე, 26 მაისი ჩვენია. ეს დღე ჩვენია და დღევანდელი დღესასწაული უპირველესად იმ ქალების და კაცების, იმ ჯარისკაცების და მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთა თავგანწირვის შესახებ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე მოვუყვებით ჩვენს შვილებს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით არას ოკუპაციას, სანამ ამის საჭიროება იქნება. არას პროპაგანდას, ფუჭ ნოსტალგიებს, აგრესიას და უახლეს ტრაგიკულ წარსულს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად დავამტკიცებთ ერთგულებას, ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება ჩვენი არჩევანის მიმართ - ვიბრძოლოთ ძლიერი, უკეთესი, ბედნიერი, ევროპული საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენია და ყოველი დღე ისტორიულია, რომელიც პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, აქ თავისუფლების მოედანზე შედგება და დღეს პირველად აქ, თავისუფლების მოედანზე დგას NATO-ს ქართული ასეული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენ ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ ოჯახში დაგვაბრუნებს. ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავისუფლების მოედანზე, ახალწვეულების მიერ სამხედრო ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები