ჯონ კერის ვიზიტი

ჩერგოლეიშვილი: კერის ვიზიტის გზავნილი იქნება, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. საწყენია, რომ ამდენ ხანს არ ყოფილა ასეთი დონის ვიზიტი საქართველოში ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყნიდან. მაგრამ კარგია, რომ ეს ვიზიტი შედგა. განსაკუთრებით ნიშანდობლივია დრო, როდესაც ეს ვიზიტი ხდება - არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე. ბუნებრივია, ამას აქვს თავისი დატვირთვა და ბუნებრივია, რომ ამ ვიზიტის მთავარი მიზანი იქნება იმ გზავნილის გაშვება, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფლად, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში და ხელისუფლება უნდა შეეგუოს, რომ ოპოზიციაში მოუწევს ყოფნა იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხი ასე გადაწყვეტს. ბუნებრივია, ვაშინგტონი არ არის კრემლი, ვაშინგტონიდან არ ვიღებთ მითითებებს, ბუნებრივია, გზავნილები იქნება დიპლომატიური როგორც ყოველთვის. ჩვენ გვახსოვს 2003 წელს ჩამოსული დელეგაცია, მაშინ ყურად არ იღეს გაფრთხილებები იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს არჩევნები და ვიცით, როგორც დამთავრდა. ჩვენ გვახსოვს იგივე მოწოდებები 2012 წლის არჩევნების წინ და მაშინ გვახსოვს, რომ ხელისუფლება პირველად შეიცვალა საქართველოში მშვიდობიანი გზით და ეს, ბუნებრივია, საქართველოს აქცევს ლიდერად რეგიონში დემოკრატიის კუთხით და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. საქართველო უნდა გახდეს ლიდერი დემოკრატიის კუთხით. დემოკრატიის სტაბილურობას კი, ხელისუფლების მხოლოდ ერთი შეცვლა არჩევნების გზით არ ყოფნის. იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილურად დემოკრატიულად მივიჩნიოთ ქვეყანა, ხელისუფლება არჩევნების გზით მინიმუმ ორჯერ უნდა შეიცვალოს. 

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ჯონ კერის ვიზიტზე, რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები