გიგი უგულავას საქმე

დეკანოზი კახაბერი: გიგის საქციელი იყო რაინდული და ღირსეული!

გიგი უგულავა და მე ავლაბრის ყოველთა წმინდათა ეკლესიის საღამოს მსახურებიდან მოვდიოდით. ზამთარი, 1995 წელი. უკვე ღამეა და ნახევრადგანათებული კი არა თითქმის ჩაბნელებული ქუჩები, ცარიელი. ბარათაშვილის ხიდზე ჯერ არ ავსულვართ. სულ ორად-ორი მანქანა მოძრაობს - ორივე ჟიგული. ერთი ავლაბრიდან ეშვება ხიდზე შემოსასვლელად - მეორე კი ვარანცოვიდან ამოდის. გზა არ დათმო არცერთმა. კინაღამ შეეჯახნენ. გადმოხტნენ მძღოლები, გაექაჩნენ და იარაღები დაუმიზნეს ერთმანეთს. მონუსხული ვიდექი. გიგი გაქანდა და ჩადგა მათ შუაში. წამი-წამზე გავარდნადი იყო რომელიმეს - ან ორივეს- იარაღი. წრეზე ამოძრავდნენ იარაღშემართულები, რომ გიგისთვის აერიდებინათ იარაღის სამიზნე დრუნჩი. ალბათ მოახერხებდნენ კიდეც, მაგრამ გიგიმ ისკუპა და ჩაეხუტა ერთ-ერთს. რაღა დამრჩენოდა, მე მეორეს დავუდექი წინ - ამიყოლია გიგიმ. დაუშვეს იარაღები. ჩასხდნენ მანქანებში და წავიდ-წამოვიდნენ. გიგიმ და მე გავაგრძელეთ გზა და საუბარი. წამში იმოქმედა გიგიმ. ფიქრის დრო არ იყო. ის იყო მომზადებული. მისი საქციელი იყო სათანადო, შესაფერისი, მშვენიერი და ეთიკური... რაინდული... ღირსეული და თავისუფალი! დღეს ის საპყრობილეშია! ძალიან ბევრჯერ გამხსენებია ეს ამბავი. როდესაც მამარდაშვილის a propos-ს პირველად ვკითხულობდი ეს გამახსენდა. ეს მახსენდება დღესაც a propos-ზე, თავისუფლებაზე და კიდევ ციხეზე...

წერს დეკანოზი კახაბერ კურტანიძე "ლიბერალში" გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში

კომენტარები