პეტრიაშვილი: ჯაჭვლიანით იწყება იმათი დაბინავება, ვინც ვერ მოხვდა სიაში

ძალიან ვწუხვარ გულწრფელად, რომ გიორგი კვირიკაშვილი ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების გამხმიანებელი გახდა. საგურამოს შეხვედრის შემდეგ საუბარი იყო იმაზე, რომ ყველა დაბინავდება, ყველას მიეხედება და ყველაზე ვიზრუნებთ. მე არ შემიძლია, სოსო ჯაჭვლიანის კვალიფიკაცია შევაფასო ეკონომიკის, ამ განვითარების ფონდის ხელმძღვანელობის კუთხით, იქ ფინანსებია, ადამიანური რესურსები, გადაწყვეტილებებია მისაღები. ვიცი მისი დამოკიდებულება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, EBRD-თან მიმართებაში კონკრეტულად, მაგრამ ამ მიმართულებით მისი კვალიფიკაცია არ ვიცი, მაგრამ ეს რას ნიშნავს, რომ დანარჩენ ადამიანებს, ვინც რჩება სიისა და შემადგენლობის მიღმა, ვიღაცას შეუქმნიან რაჭის განვითარების ფონდს, ვიღაცას შიდა ქართლის, ვიღაცას ქვემო ქართლის, ვიღაცას სიპ-ებში განათავსებენ? ძალიან დამწყდა გული, როდესაც პრემიერმინისტრისგან მოვისმინე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ კორუფციის და უფრო უარესის ნიშნებს შეიცავს ეს ნამდვილად. თუ გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია სოსო ჯაჭვლიანის პოტენციალში, რომ ის აწევს თეთნულდს იმიტომ, რომ კარგი სპორტსმენი იყო და არავინ არ უკარგავს ამ წარსულს, რეგალიებს, ღმერთმა დიდხანს ჯანმრთელად და კარგად ამყოფოს, და იმიტომ, რომ სვანეთიდანაა, მაშინ საკადრო პოლიტიკაში ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონია. დაიწყო იმ ადამიანების დაბინავების პროცესი, ვინც დარჩა სიის მიღმა. მე როგორც ვხვდები, ვინ რომელ ნომერ მაგიდასთან იჯდა საგურამოში, იმის მიხედვით იწყება დაბინავება, რაც არის კატასტროფა ქვეყნისთვის.

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ტაბულას კითხვაზე, რომელიც პრემიერმინისტრის მიერ სოსო ჯაჭვლიანის თეთნულდის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად დანიშნვას ეხებოდა.

კომენტარები