შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: მქონდა იდეა, რომ ადგილობრივები არ შეგვეშვა კაზინოებში

მე სიამოვნებით ავკრძალავდი [აზარტულ თამაშებს], მაგრამ ესეც ეკონომიკაა და მკვეთრი დამოკიდებულება, თურმე, არ შეიძლება. განსაკუთრებით, აჭარაში, ბათუმში ამას სერიოზული პოზიცია უჭირავს, როგორც ბიზნესს და ქვეყნის განვითარებაში ამასაც თავისი ადგილი აქვს. სასტიკად უნდა გამკაცრდეს იქ არასრულწლოვნების მისვლა. არ დაგიმალავთ, მე ისიც კი მქონდა იდეად და გუშინაც კი ვსაუბრობდი ამ თემაზე, რომ იქნებ ისიც კი მოვახერხოთ, რომ ადგილობრივები არ შევუშვათ ამ კაზინოებში. ალბათ, ეს კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მოვა. ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის და ტურისტების დინებასაც უწყობს ხელს კაზინოების არსებობა. ეს ფაქტია და ვერ უარვყოფთ ამას. აქვს თავისი წვლილი და როლი ამ კაზინოებს, მაგრამ თუ რამე კანონმდებლობას მოვიფიქრებთ და მაქსიმალურად გავამკაცრებთ [უკეთესი იქნება]. უამრავი ოჯახი გაუბედურდა, მეც ვიცი ეს რა არის. მახსოვს, ერდოღანთან შეხვედრა რომ მქონდა, პირველი ეს მთხოვა, იქნებ ეს კაზინოები დახუროო. იქიდან ჩამოსულებიც უბედურდებიან ძალიან ბევრი ამ კაზინოებში, მაგრამ რა ვქნათ, ბიზნესის სახეა ეს. ხალხს ეს უყვარს და მოწონს, ტურიზმს ხელს უწყობს. შესაბამისად, კანონმდებლობას უნდა მივხედოთ. არასრულწლოვნებზე კატეგორიული კანონები უნდა შემოვიღოთ, რომ უნდა დაუხურო და გააკოტრო პირდაპირ, ვინც შეუშვებს. გავამკაცროთ კანონმდებლობა ამ მხრივ, მაგრამ ბიზნესზე უარს ნუ ვიტყვით.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. ის ამჟამად ქუთაისში იმყოფება.

კომენტარები