უკანონო მოსმენები

გვარამია: ივანიშვილთან ინახება უამრავი აუდიომასალა ჩემზე და R2-ის თანამშრომლებზე

რუსთავი 2-ის დემონიზაცია არის ისეთივე მნიშვნელოვანი, თუ უფრო მეტად არა, ივანიშვილისთვის, როგორც მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის. ოპოზიციური პარტიების დემონიზაცია ძალიან ცუდია, მაგრამ ეს მათი პრობლემაა და ისინი გასცემენ ამაზე პასუხს. რაც შეეხება რუსთავი 2-ს, ჩვენ ამის უფლებას ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ. პირადად ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით, არსებობს უამრავი აუდიომასალა პირადად ჩემზე, ასევე რუსთავი 2-ის ცალკეულ თანამშრომლებზე. ეს აუდიომასალა რამდენიმე დისკზეა ჩაწერილი, შეკრებილია სუს-ის ხელმძღვანელობის მიერ და ატანილია ბიძინა ივანიშვილთან. იგი პირადად გადის ამ ვიდეო და აუდიომასალას და წყვეტს, რა გამოქვეყნდეს, როგორ დამონტაჟდეს და ა.შ. ტყუილად ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რომ მხოლოდ მან იცის ამის თაობაზე. როგორც მასთან ადის სოლოლაკში ეს ინფორმაცია, ისევე ჩამოდის ჩემთან სანდრო ეულის ქუჩაზე. ასე რომ, ეს სისტემა გარღვეული და მოშლილია და ჩვენთვისაც ყველაფერი ცნობილია, ბატონო ივანიშვილო, მათ შორის თქვენზეც.

რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

კომენტარები