არჩევნები 2016

ნოდია: ქართულ ოცნებას რეალური პარანოია დაემართა

თავიდან მეგონა, რომ ოცნების ლაპარაკი ნაციონალების მზადებაზე რევოლუციისთვის მხოლოდ წინასაარჩევნო ხრიკი იყო: ამომრჩეველი უნდა შეშინდეს და სტაბილობას და სიწყნარეს, ანუ თავად მათ მისცეს ხმა („კი დიდი ვერაფერი მთავრობა ვართ, მაგრამ სიწყნარეს მაინც ხომ უზრუნველვყოფთ“). არსებულ სიტუაციაში შეიძლება უკეთესი საარჩევნო სტრატეგია ვერც ჰქონდეთ. თუმცა სულ უფრო მგონია, რომ, ამ გათვლასთან ერთად, რეალური პარანოიაც დაემართათ. (ამის მაგვარი „კოჰაბიტაციის“ პერიოდში ჰქონდათ, ეგონათ, რომ მიშა რაღაც ექსტრაორდინარულს მოიფიქრებდა და ისტერიულად ცდილობდნენ საკონსტიტუციო შესწორებების გატარებას, ჩემი აზრით, სრულიად სულელურის). არის მესამე ვარაუდიც: შეეცდებიან სერიოზულად გააყალბონ არჩევნები და წინასწარ თავს იზღვევენ, რომ პროტესტები არ იყოს და არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ (ცხადია, არა ერთადერთ) ინდიკატორს - ეგზიტ-პოლს - წინასწარ დისკრედიტაცია გაუკეთონ. სხვანაირად ეგზიტ-პოლის წინასწარ გინებას რა აზრი აქვს: საარჩევნო შედეგი ხომ მაინც ის იქნება, რაც იქნება? მაგრამ იმედი მაქვს, გაყალბებას, მასშტაბურს მაინც, ვერ შეძლებენ. ეგზიტ-პოლებთან ჭიდაობა კი ნაწილობრივ პარანოიაა, ნაწილობრივ კი - იდიოტებზე გათვლილი პიარი. თეორიულად, რა თქმა უნდა, მეოთხე ვარაუდიც უნდა განვიხილოთ: ნაცმო რეალურად ემზადება რევოლუციისთვის და „ოცნება“ სწორად ამხელს. მაგრამ რა ვქნა, ვერ ვხედავ ამ სცენარს. მიშა თუ შარშან ან იმის წინ ვიღაცეებს რაღაცეებს ეუბნებოდა ეს რამის სერიოზულ საბუთად არ გამოდგება.

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია საკუთარ Facebook-ზე

კომენტარები