არჩევნები 2016

დარჩიაშვილი: ენმ-ის სახით ნახევარ მილიონ ქართველს პარლამენტში ადვოკატები სჭირდება

ოცნების ფორა იყო ის, ვინც ფქვილის, შვილის სამსახურის, ჩაკუჭული 50-100 ლარის, გამგებელის თუ კრიმინალის თვალის ბრიალის ხათრით აძლევს ხმას. გაყალბების რესურსთან ერთად, რომლის მასშტაბმა უცხოელები ვერ აალაპარაკა, ეს ფორა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვოლსკი და ბესელია ხელისუფლებაში დაეტოვებინა. ის ვინც ასეთი არაა და ოცნებასაც ადექვატურად აფასებს, პლიუს-მინუს, ნახევარი მილიონია - ამომრჩევლის მეოთხედი. აი ამ ნახევარ მილიონს როგორ ვუპატრონოთ, ის თქვით, თორემ ამ ეტაპზე არჩევნების გზით მოგება რომ გამოირიცხა, ეგ ისედაც ცხადია. ოცნებამ იმუშავა შემდეგნაირად: დაახლოებით იცოდნენ, რომელ უბანში რა განწყობა იყო. იქ, სადაც განწყობა არ მოსწონდათ, თვლიდნენ - მოსყიდვა შეუცვლიდათ სურათს, გაყალბება მოსყიდვით, დაშინება თუ დარბევა. საბოლოო ჯამში, იმდენი და იმდენჯერ ქნეს, რომ უცხოელებს მარტო ცალკეულ ინციდენტებზე ესაუბრათ და არა მასობრივ გაყალბებასა თუ ძალმომრეობაზე, როგორც ამას 2003 წელს აკეთებდნენ. ხოდა აიღეს იმ პროცენტით მეტი, რაც ცესკოს შედეგს GFK-ს შედეგისაგან განასხვავებს. იცოდნენ ისიც, რომ საარჩევნო ფორმულების წყალობით, ეს პროცენტი სავსებით აკმაყოფილებდათ. ახლა მეორე ტურებია. Facebook-ში ბუღი დგას (პარტიაშიც, გამოგიტყდებით), ამ ვითარებაში ბოიკოტი ჯობია თუ ბრძოლის ინსტიტუციონალური მეთოდებით გაგრძელება? ხოდა ამოდით ნახევარი მილიონი ამომრჩევლის ინტერესებიდან და არა Facebook-სამეგობროს ხედვებიდან, რომლის ნახევარი მშვიდობიან ამერიკებშია. გლდანელ თუ ახალციხელ მხარდამჭერებს რა უშველის? ვინც თვლით, რომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს ზოგიერთი წევრი უნიათოები ვართ, ცადეთ თქვენი მეთოდი, თუ ასეთი გაგაჩნიათ ან გააგრძელეთ Facebook წყევლა/გინება - ნება თქვენია. თქვენი ემოციების აბსოლუტურად მესმის. მე ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ დიდ შვებას მგვრის, რომ იმ დარბაზში აღარ ვიქნები, სადაც ბესელია და ვოლსკია, რომელსაც გვერდს ახლა ინაშვილი და კვიციანი დაუმშვენებს. რაც შეეხება რევოლუციურ სიტუაციას (სუს-ის გასაგონად: მშვიდობიან რევოლუციას ვგულისმობ), თუ გგონიათ, რომ იგი არის ან მისი დროზე ადრე მომწიფების რაიმე ფოკუსი იცით, ისევ go ahead. მე არ მგონია, მაგრამ მიტინგებზე გამოგყვებით. მე რაც ახლა მგონია, ისაა, რომ ასეთ საზოგადოებაში არჩევნებში მონაწილეობას ქონებრივ-სამსახურეობრივ-ინტელექტუალური ცენზი სჭირდება, მაგრამ ამაში არავინ გამომყვება და ესეც ვიცი. ამიტომ, ძირითადად, ჩემს პროფესიას "მივაწვები" - ისტორიკოსობას. ენმ-ის წევრად კი დავრჩები ბოლომდე - ამ პარტიამ ამ საზოგადოებაში შეუძლებელი სცადა და იმიტომ. პარლამენში ვინც გავიდა - უნდა შევიდეს: ნახევარ მილიონ იდეალისტ ქართველს იქ ადვოკატები სჭირდება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით დარჩიაშვილი.

კომენტარები