ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხოშტარია: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ არ ვაქციოთ კერპად

სააკაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის არის პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი და პარტიის ბევრი წარმატება სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების შედეგების ვიღაცისთვის გადაბრალება ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან, არაკეთილსინდისიერი მგონია.

ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ არ ვაქციოთ კერპად. ყველა უნდა ემორჩილებოდეს თამაშის წესებს – სააკაშვილიც, მეც, ბოკერიაც და აბსოლუტურად ყველა. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ, თუ ჩვენ პარტიის თავმჯდომარის არჩევაზე ვსაუბრობთ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ისე აღქმული, რომ ვაიმე, როგორ ვეკარებით ამ თანამდებობას და ეს ერთ ადამიანზე უნდა იყოს მიბმული. რა თქმა უნდა, არა. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ მოქნილობას, მუდმივი როტაციის პრინციპსა და განვითარებას, ყველას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ექნება ამ პარტიაში.

კიდევ ვიმეორებ, სააკაშვილს ვერავინ შეცვლის, რადგან ის დიდი მასშტაბის ფიგურაა, თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი კერპად ქცევა და მისთვის უპირობოდ მუდმივი ადგილის მიჩენა. რაც მთავარია, საერთო გამარჯვების პირობებში მას აუცილებლად უნდა მიეცეს საშუალება, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრებსა და პოლიტდევნილებს, ჩამოვიდეს, გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება ჯანმრთელ პოლიტიკურ გარემოში და მაშინ ყველას შეეძლება, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს.

ენმ-ის წევრი ელენე ხოშტარია ფაქტმეტრთან ინტერვიუში.

კომენტარები