ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება მრავალათასიანი ყრილობა

ნაციონალური მოძრაობა ახლა ამზადებს ყრილობას. ვარდების რევოლუციის მთავარი გაკვეთილი იყო ბოროტებასთან შეურიგებლობა, უკომპრომისო ბრძოლა ყოველგვარ უმსგავსობასთან, მაქსიმალური გახსნილობა და ხალხის მთლიანად ჩართულობა. ნაციონალური მოძრაობა არასდროს ყოფილა ერთი ლიდერის ან ვიწრო ჯგუფის საკუთრება. ნაციონალურ მოძრაობაში ყოველთვის ჩვენი აქტივი, ჩვენი ხალხი იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პარტიის რაღაც ჯგუფი ან ფორმალური ორგანო. ყველა ჩვენი ყრილობა 2003 წლიდან მოყოლებული იყო მრავალრიცხოვანი, მრავალათასიანი. ახლა აბსოლუტურად არასწორი იქნებოდა პატარა ყრილობის მოწვევა. ჩვენ გვჭირდება მრავალათასიანი ყრილობა, რომლის დელეგატები კი არ დაინიშნებიან ზემოდან პოლიტსაბჭოს შიგნით, ვიწრო ჯგუფის მიერ, არამედ მართლა იქნება არჩეული თითოეული რეგიონალური წარმომადგენლობით, სრული დემოკრატიის პირობებში. თუ ჩვენ გვინდა ხელახლა გამარჯვებები, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს საწყისებს, გავხდეთ ისევ ჭეშმარიტად საერთო სახალხო მოძრაობა. ამისთვის თითოეულ ჩვენს აქტივისტს უნდა ქონდეს დაფასება და სრული გაგება იმის, რომ ისინი განსაზღვრავენ ჩვენს კურსს, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ამ წნეხმა გადაიარა არა თითოეულ ჩვენგანზე, არა დეპუტატებზე, არამედ სწორედ პარტიის აქტივზე. ამიტომ, მე მინდა მივმართო ჩემს მეგობრებსაც პოლიტსაბჭოში და ჩვენს აქტივისტებს: ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გახსნილი დემოკრატიული პროცესებისათვის და მე დაგიჭერთ ყველაფერში მხარს. იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, ჩვენი საუკეთსო დღეები არის წინ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის წლისთავს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ ყრილობაზეც ისაუბრა.

კომენტარები