გიგი უგულავას საქმე

უგულავას ადვოკატი: უსინდისობაა, უკანონო პატიმრობაში მყოფ ადამიანს გარიგება დასწამო

ვიღაცები წერენ, თურმე გიგი მთავრობას გაურიგდა და ათავისუფლებენო. უსინდისო ცილისწამება!!!

მე ვიცავ გიგის და ვიცავ ბევრ სხვა ჩვენს პოლიტიკურ დევნაში მყოფ მეგობარს და თანამებრძოლს, მათ შორის ზოგი პატიმრობაშია, ზოგი დევნილობაში, ზოგის პროცესები მიმდინარეობს. არის პროცესები, სადაც გარკვეულ წარმატებებს ვაღწევთ, ხელშესახებ შედეგებს ვიღებთ და ეს ნიშნავს, რომ გარიგებაში ვართ მთავრობასთან? ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გიგის დაპატიმრება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ 2014 წლის ივლისამდე ვერ მოახერხეს, და რა, 2014 წლის ივლისამდე გარიგებაში ვიყავით? გიგის ერთი დღით გამოყვანა როცა მოვახერხეთ, გარიგების შედეგი იყო? უსინდისობაა პატიმრობაში მყოფი ადამიანის ბედით მანიპულირება ვიწროპარტიული აღტკინებისთვის.

გიგის გარიგებაზე საუბრობენ და ავიწყდებათ, რომ ყრილობის ჩამტარებელთა შორის არიან ადამიანები, ვის მიმართაც პატიმრობას ითხოვდა პროკურატურა, მაგრამ სასამართლომ გირაო შეუფარდა და ერთი დღეც არ მჯდარა გიგისგან განსხვავებით, და მათზე ვთქვათ, რომ გარიგებულები არიან? ხომ უსინდისობა იქნება ამგვარის დაშვებაც კი?! ენმ-ში არიან ლიდერები, ვის მიმართაც სასამართლო პროცესები წლებია, ჭიანურდება და თავისუფლებაში არიან, ამორალური არ იქნება მათ ივანიშვილთან გარიგებაში ყოფნა დავწამოთ?! ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომლის მიმართაც არაერთი გამამართლებელი განაჩენი დადგა. იმაზე დიდი უნამუსობა რა იქნება, რომ გარიგება დავწამოთ?!

როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გიგის პროცესი, უსინდისობაა გარიგება დასწამო ადამიანს, ვინც წლებია, უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ბოლომდე თავისი თანამებრძოლების გადარჩენაზე ზრუნავდა, ვინც პროცესებს ესწრება, კარგად იცის ეს. ასევე, ყველამ კარგად იცის, რომ გიგისთან დაკავშირებით დიდი საერთაშორისო ზეწოლაა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი განცხადებებიც ამაზე მეტყველებს და ენმ-ის გულწრფელ მხარდამჭერებს უნდა უხაროდეთ, გიგი თუ გათავისუფლდება.

ჩვენი ამოცანა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ზრუნვა უნდა იყოს და არა შეთქმულების თეორიების თხზვა და ბინძური ცილისწამებები. მე არ ვიცი, რას აკეთებდნენ უკანასკნელი 4 წლის მანძილზე პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ის ხალხი, ვინც დღეს გიგის ცილს სწამებს, მაგრამ ვიცი, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ გიგის და არამხოლოდ გიგის თავისუფლებისთვის და მთავრობასთან გარიგებაზე ცილისწამება ჩემი პირდაპირი შეურაცხყოფაა და შეურაცხყოფაა ჩვენი პოლიტპატიმრების.

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ფეისბუქზე წერს.

კომენტარები