პრეზიდნეტი

მარგველაშვილი: როცა ვერ ქოქავ ეკონომიკას, კარგია, პრეზიდენტს დააბრალო შპიონაჟი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ოპონენტი ვიყავი 2003 წლიდან, როდესაც ზურაბ ჟვანიასთან ვიყავი... ამ მოძრაობაში პოლიტიკოსების გარდა, არსებობდნენ კიდევ უკანა ეშელონები, რომლებიც შემსრულებლები უფრო იყვნენ და რატომღაც ეს ადამიანები დღეს უკვე "ქართული ოცნების" სახელით წარმოადგენენ პოლიტიკურ პრეტენზიებს. ჩემთვის ეს არის პრობლემა, თორემ ამ დისკუსიაში ყოფნა ახლა ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს. 2003-დან 2013 წლამდე "ნაციონალებთან" ვიყავი დაპირისპირებული და მათ მიმართ პოზიცია არ შემიცვლია. მაგრამ ისინი, უკანა ეშელონები, არც ვიცი, ვინ არიან, არ მინახავს არასდროს.

მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო ზრდილობიანი, მაქსიმალურად ვცდილობ ამ დისკუსიით არ დავღალო ხალხი, მაგრამ როდესაც პრობლემას ვერ წყვეტთ, როდესაც ვერ დაქოქე ეკონომიკა, როდესაც ახალი პროექტი ვერ შემოიტანე, რა თქმა უნდა, კარგია, რომ პრეზიდენტს დააბრალო შპიონაჟი და ტერორიზმის ხელშეწყობა და ეს გახადო სამსჯელო თემა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გორის უნივერსიტეტში სტუდენტებთან დისკუსიის შემდეგ კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია'' ფარგლებში გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრშიც გამართა შეხვედრა პარტიებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან.

კომენტარები