პარლამენტი ქუთაისში

პრეზიდენტი პარლამენტის ადგილმდებარეობაზე: პოზიცია ამ მიმართულებით არ გამაჩნია

უფრო დეტალურად უნდა ვკითხოთ ქუთაისელებს, რად უნდათ მათ ქუთაისში პარლამენტი. თუ პარლამენტის ქუთაისში არსებობა ქუთაისელებისთვის არის ეკონომიკური საკითხი, იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ პარლამენტის გადატანას, უნდა მივცეთ ამის უფლება, მაგრამ მათ უნდა აიღონ ვალდებულება, ამ თემის ეკონომიკურად დაბალანსების. თუ ეს ემოციის საკითხია და მართლა პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელია, მაშინ ესეც ძალიან ნათლად უნდა ითქვას. ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან გულწრფელი დიალოგი უნდა გვქონდეს. თუ ქუთაისს პარლამენტი უნდა იმიტომ, რომ პარლამენტმა ქუთაისის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება შეცვალა და ძალიან არ გინდათ, რომ ამ ხალხმა დატოვოს ქუთაისი, ეს ერთი პოზიციაა და მაშინ ეს უნდა იცოდნენ დეპუტატებმა, რადგან დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან გახარებული იქნებიან ამით. მაგრამ თუ ეს ეკონომიკური პოტენციალით არის ნაკარნახები, მაშინ შესაძლებელია, მათ შევთავაზოთ ან მათ შემოგვთავაზონ სხვა გადაწყვეტილება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის გამოსავალი არის თავისუფლება. თუ ადამიანს უნდა, რომ იმუშაოს მცხეთაში ან ბათუმში, ჩემი აზრით, ჩვენ არავის არაფერი უნდა დავაძალოთ და თავისუფლება უნდა მივცეთ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, რაიმე პოზიცია ამ მიმართულებით არ გამაჩნია, ქუთაისელების ხმა არის მოსასმენი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში, დღეს შეხვედრა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა. ინტერპრესნიუსის ცნობით, მან პარლამენტის ადგილმდებარეობაზეც ისაუბრა.

კომენტარები