სირია

ნოდია: ასადის ძალების დაბომბვა ტრამპის ყველაზე წარმატებული ნაბიჯია

ასადის ძალების დაბომბვა, ალბათ, ტრამპის ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული და მისასალმებელი ნაბიჯია.

არ არის გადამწყვეტი, რა მოტივები ამოძრავებდა: ჩაეკლა სპეკულაციები, რომ "რუსეთის კაცია", ხაზი გაესვა, რომ ობამა სუსტი იყო და თვითონ - "გამკეთებელი" (ეს ორივე გამოუვიდა); ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ რეალურად აღშფოთდა ასადის ქცევით, ანუ გულწრფელად უნდოდა ბოროტების დასჯა (ან იმის დემონსტრირება, რომ ბოროტების დასჯა შეუძლია). Make America great again-ის ნარატივშიც ჯდება, თუმცა ამერიკული იზოლაციონიზმის სტივ ბანონისერულ პრინციპებს ეწინააღმდეგება (რაც ძალიან კარგია; ორი დღის წინ გამოიყვანა ბანონი უშიშროების საბჭოდან, ანუ "ჩააჩოჩა", არ უნდა იყოს შემთხვევითი). ბევრი ეჭვს გამოთქვამს, ამის შემდეგ რა უნდა ქნას, არ იცისო - ანუ სირიის მიმართ გააზრებული გრძელვადიანი სტრატეგია არა აქვსო; მეც ასე მგონია, მაგრამ ვინმეს აქვს, რო? შესაძლოა მეტ-ნაკლებად სპონტანური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სპონტანურობის გარკვეული ხარისხი გამართლებულია.

აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც მაიკლ ფლინი გაუშვეს და ბანონი, სავარაუდოდ, ჩააჩოჩეს, მივიღეთ ძალიან კომპეტენტური გუნდი უსაფრთხოების პოლიტიკაში, მაკმასტერის და მატისის ხელმძღვანელობით. როცა ტრამპს ასეთი ხალხი ჰყავს გვერდით, ნაკლები საფრთხეა, რომ ამ სფეროში რაღაც ძალიან არასწორს გააკეთებს. ტვიტერზე სისულეების წერას, ცხადია, ვერავინ დაუშლის, ამას უნდა შევეგუოთ.

პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე აფასებს აშშ-ს გადაწყვეტილებას, მიეტანა საჰაერო იერიში სირიის სამთავრობო ძალებზე.

კომენტარები