26 მაისი

კვირიკაშვილი: აუცილებლად გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას

მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე - 26 მაისი, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე - დამოუკიდებლობის, რომლისთვისაც ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა და დღეს ადგას იმ გზას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავლისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის გმირების, მართლაც საამაყო, სასიქადულო შვილების მსხვერპლი და სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენ აუცილებლად გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას, აუცილებლად ავაშენებთ ნამდვილად ევროპულ საქართველოს. მე ამაში ერთი წამით ეჭვი არ მეპარება.

მინდა, ყველას მივულოცო - ჩვენი ქვეყნის მეგობრებსაც, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენზე და მინდა, ყველა თქვენგანს მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

წელს ჩვენ ვზეიმობთ ასევე "ვეფხისტყაოსნის" 850 წლის იუბილეს. ეს არის ნაწარმოები, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სულის განსხეულება და მისი სიბრძნე ატარებს ჩვენს ქვეყანას ყველაზე რთულ მომენტებში. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაბრწყინდება. გილოცავთ დღევანდელ დღეს!

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

კომენტარები