ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

ნოდია: II ტურზე განცხადებებით უდუმაშვილმა და ხოშტარიამ უპირატესობა მოიპოვეს

ეკა კვესიტაძესთან მერობის კანდიდატების წუხანდელი სტუმრობის მთავარი შედეგი იყო ის, რომ ზაალ უდუმაშვილმაც და ელენე ხოშტარიამაც ნათლად და ცალსახად თქვეს, რომ თუ მეორე ტურში ვერ გავიდნენ, გასულ ოპოზიციურ კანდიდატს (მათ შორის ალიკო ელისაშვილს) მხარს დაუჭერენ. ელისაშვილმა, მათგან გასხვავებით, ამ შეკითხვას თავი აარიდა.

განსაკუთრებით უდუმაშვილისთვის, ასეთი რამის თქმა იოლი არ იყო, იმიტომ რომ მისი პარტიის, ნაცმოძრაობის ბევრ ერთგულ მომხრეს ეს არ მოეწონებოდა, მათთვის ელისაშვილი მეტისმეტად მიუღებელი ფიგურაა. (არც ხოშტარიას მომხრეებს ახატიათ გულზე ელისაშვილი, მაგრამ მათთვის მოქნილობა ზოგადად უფრო დამახასიათებელია). მაგრამ თუ აცხადებ, რომ „ქართულ ოცნებას“ ებრძვი, ან რომ პოლიტიკური პლურალიზმი შენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ეს ერთადერთი სწორი განცხადებაა.

პირადად ჩემს თვალში, მხოლოდ ამ განცხადებებითაც უდუმაშვილმა და ხოშტარიამ მნიშვნელოვანი მორალური უპირატესობა მოიპოვეს ელისაშვილთან შედარებით. არ ველი, რომ ყველა დამეთანხმება ამაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ზოგმა სხვამაც ასე დაინახა.

წერს პოლიტიკოსი გია ნოდია Facebook-ში.

კომენტარები