არჩევნები 2017

ნოდია: შეძლებენ თუ არა ელისაშვილის მომხრეები რაიმე აზრიან პლატფორმაზე შეთანხმებას?

მეორე ადგილით შეგულიანებული ალეკო ელისაშვილის მომხრეები აქტიურად განიხილავენ, შექმნის თუ არა ის საკუთარ პარტიას. სრულიად ლეგიტიმური თემაა: ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ელექტორატის იმ ნაწილს, რომელიც ელისაშვილს ყავდა ამ არჩევნებზე, საკუთარი პარტია ნამდვილად სჭირდება.

მაგრამ მაინც შევნიშნოთ, რომ ამით ისინი უარყოფენ საკუთარ (და თავისი ფალავნის) წინასაარჩევნო პოპულისტურ ნარატივს: რომ უპარტიობა ერთგვარი მორალური უპირატესობაა, რომ პარტიები ბინძური და კორუმპირებული პოლიტიკური ელიტის საქმეა, კაი ბიჭები და გოგოები კი პარტიებში არ შედიან. როგორც ერთმა კაი გოგომ აქ მითხრა, „რა დროს პარტიებია 21-ე საუკუნეში“.

ოღონდ თუ შედგა ასეთი პარტია, მას სჭირდება პლატფორმა, რომელიც მეტი უნდა იყოს, ვიდრე „ალეკოისტების გაერთიანება გულწრფელობისა და პატიოსნებისთვის“. მხოლოდ ძველი თბილისის კოლორიტის დაცვაც ასეთად არ გამოდგება. შეძლებენ თუ არა ელისაშვილის მომხრეები რაიმე აზრიან პლატფორმაზე შეთანხმებას?

მოკლედ, არიან თუ არა უპარტიობით თავმომწონე შუაშისტები პარტიის "გამქაჩველები", საინტერესო საკითხია. ჯერჯერობით, წმინდად თეორიული.

კომენტარები