მერაბიშვილის საქმე

კახიძე: ამ წლის ნოემბერში მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი ავტომატურად დადგება

ვანო მერაბიშვილის ამბავზე დღეს ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა და ყველას ვერ ვუპასუხე, ამიტომ აქ დავწერ, რაც შეიძლება მოკლედ:

1. მიმდინარე წლის ნოემბერში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი ავტომატურად დადგება.

ვანოს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წელი და 9 თვის ვადით. მას სასჯელის მოხდა აეთვლება 2013 წლის 20 მაისიდან. კანონით მძიმე დანაშაულისათვის პირობით ვადამდე გათავისუფლება პატიმარს ეხება სასჯელის ორი მესამედის, ანუ 4 წლისა და 6 თვის გასვლის შემდეგ.

2. სტრასბურგის სასამართლოში მერაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფოს მოთხოვენ აპლიკანტის გათავისუფლებას.

სტრასბურგის საქმე ეხება ევროკონვენციის მე-18 მუხლს, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან არასამართლებრივი, ჩვენ შემთხვევაში კი პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას.

სასამართლოს სექციამ 2016 წლის ივნისში დაადგინა, რომ მერაბიშვილი საკნიდან უკანონოდ გაიყვანეს მასზე ზეწოლის მიზნით. კანონი დაარღვია მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, ხოლო საქმის გამოძიება ჩაფარცხა პრემიერ-მინისტრმა და სასჯელაღსრულების მინისტრმა.

სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა პოლიტიკურ კონტექსტს და პარალელი გაავლო ტიმოშენკოსა და ლუცენკოს საქმეებთან.

მე-18 მუხლის დარღვევა სულ მეშვიდედ დადგინდა ევროსასამართლოს ისტორიაში, ეს არის ე.წ. პოლიტპატიმრების მუხლი და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღსრულების ეტაპზე სტანდარტულად ითხოვს აპლიკანტის გათავისუფლებას. ბოლო საქმეზე ჯაფაროვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ აპლიკანტის გამარჯვებისთანავე პრეზიდენტმა ალიევმა პატიმარი შეიწყალა და ასე აიცილა თავიდან პრობლემები ევროპელ პარტნიორებთან.

საქართველოს მთავრობამ შარშან გაასაჩივრა სექციის გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში, განხილვა 8 მარტს გაიმართა, ველით საბოლოო ვერდიქტს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს გახდეს ცნობილი.

3. სტრასბურგში მორიგი მარცხის შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს ყველაზე მისაღები გზა აპლიკანტის გასათავისუფლებლად. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შესაძლოა სწორედ ამ მიზნით გამოიყენონ. თან სახეს შეინარჩუნებენ - პოლიტიკური დევნის აღიარების ნაცვლად იტყვიან - მერაბიშვილმა სასჯელის 2/3 მოიხადა და კანონით ეხებოდა გათავისუფლებაო. ამით შეამცირებენ იმ ზიანს, რომელიც მიაყენეს და დღესაც აყენებენ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და სტაბილურობას. თუ სტრასბურგამდე გაათავისუფლეს, ამით მნიშვნელოვანწილად აირიდებენ უხერხულ პრობლემებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან.

- მოკლედ, ველოდებით სტრასბურგს და ხელისუფლების ნაბიჯებს.

თავისუფლება ვანოს!

ოთარ კახიძე მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლების საკითხს საკუთარ facebook გვერდზე ეხმიანება

კომენტარები