თბილისის მერი

ხოშტარია: ქალაქის მერი უნდა იყოს ქალაქის და არა მომხრეების ან პარტიის მერი

გამიზნულად თავს ვიკავებდი ახალი მერის ქმედებების შეფასებისგან. მიმაჩნია, რაღაც დრო უნდა აცალო, ყელში არ უნდა ეცე და ჩასაფრებული არ უნდა იყო. რაღაცეები მომეწონა კიდევაც. მომეწონა, რომ დადის უბნებში, რაღაც პრობლემებს გამოეხმაურა (მაგალითად, ახალდაბიდან ავტობუსის დანიშვნა, რამდენი ხანია, ვითხოვდით), ძაღლების გასეირნების ადგილების შემსწავლელი კომისიის გაუქმებაც მომეწონა.

მაგრამ არ შეიძლება არ გამოვეხმაურო საშიშ სიგნალებს. ნაძვის ხეზე პარტიული სლოგანი და ოპოზიციის მიმართ ღვარძლიანი ლაპარაკი (არ მოკვდეთ ბოღმით). ეს იმას ნიშნავს, რომ მას კარგად არ ესმის ის პოზიცია, რაზეც პასუხისმგებლობას იღებს. ქალაქის მერი, არის და ყველა ქმედებაში უნდა იყოს ქალაქის და არა მომხრეების ან პარტიის მერი. ოპოზიციის მიმართ პატივისცემა (ჩემ პარტიას არ ვგულისხმობ მხოლოდ, ნებისმიერი ოპოზიცია) მხოლოდ თქვენ სიძლიერეზე იმეტყველებს და ზოგადად გააჯანსაღებს პოლიტიკურ პროცესს.

ძალიან მინდა, რომ ეს ცუდი სიგნალები სიმპტომად არ იქცეს და სულ პატარა ნაბიჯი მაინც გადადგათ წინ.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია წერს facebook-ში.

კომენტარები