მდინარაძე: 2012 წელს მხოლოდ კოალიციას არ გაუმარჯვია, გაიმარჯვა გირგვლიანმაც

სანდროს გირგვლიანის მკვლელობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება მართლმსაჯულების და ადამიანის წინააღმდეგ. 2012 წელს არ გაუმარჯვია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციას, 2012 წელს ჩვენთან ერთად გაიმარჯვა სანდრო გირგვლიანმაც, 2012 წელს გაიმარჯვა ადამიანმა ძალადობრივ რეჟიმზე. სამართლებრივად საქმეზე სასჯელს იხდის 8 პირი და მსჯავრდებულია ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს ამ საქმის, ამ გაკვეთილის არასწორი ინტერპრეტაცია. სანდროს მკვლელობიდან ზუსტად 12 წლის თავზე, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ გაბედა და გარდაცვლილის ოჯახის, ქართველი ერის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოვიდა. სააკაშვილის ამ განცხადებას მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამეტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი. მთელი თვის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკვირდებოდა როგორ ხმაშეწყობილად, ტანდემში საუბრობდნენ სააკაშვილი და მარგველაშვილი. ფაქტია, რომ ის ასევე იქცევა სააკაშვილის მიმართ წაყენებული სხვა ბრალის შემთხვევაშიც. ჩვენი მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვასაც პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს, რითაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება მისი პოლიტიკური ამოცანაა. 

თქვა მამუკა მდინარაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით. მან დღეს საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა, სახელწოდებით "გირგვლიანის შესწორებები", თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილებები. 

კომენტარები