საქართველოს მართლმადიდებელი ეკელსია

პრემიერი: ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ეკლესიას

საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ტრადიცია და კულტურა ჩვენი ისტორიის ერთერთი მთავარი მონაპოვარი და უძლიერესი საყრდენი გახლავთ და ამაზეა დაშენებული საქართველოს სახელმწიფოებრიობა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში განუსაზღვრელი წვლილი მიუძღვის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ცხოვრებაში და ერის მაკონსოლიდირებელ ძალას წარმოადგენდა. ქართული საღვთისმეტყველო სიტყვა და აზრი ყოველთვის საინტერესო იყო და არის ქრისტიანული სამყაროსთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ სამეცნიერო კონფერენცია და დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემაზე,როგორიცაა რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება, იმართება საქართველოში, სადაც სასულიერო და საერო სფეროებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი გამოცდილება არსებობს. ეკლესიის სიძლიერე, ეკლესიისა, რომელიც 15 საუკუნე იყო ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი, მორალური საყრდენი, გამაერთიანებელი, იყო ის მიზეზი, რის გამოც იმპერიამ გაილაშქრა მის წინააღმდეგ და შეუჩერა ავტოკეფალური მმართველობა. ამით, იმპერიული რეჟიმი შეეცადა, დაესუსტებინა ეკლესია, შეერყია ერის სიძლიერე და ეჭვქვეშ დაეყენებინა ეროვნული იდენტობა. საბედნიეროდ, ჩვენს წინაპრებს აღმოაჩნდათ უდიდესი ძალა თავგანწირული ბრძოლისათვის და ეს ბრძოლა 100 წლის წინ ავტოკეფალიის აღდგენით დაგვირგვინდა, რამაც ერის ცნობიერებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. 

 

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა საერთაშორისო კონფერენციაზე “რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

კომენტარები