არჩევნები 2018

გია ნოდია: ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარი დემაგოგიაა

საუბრები ოპოზიციის წინასაარჩევნო გაერთიანებაზე და მით უმეტეს "პრაიმერისზე" არის დემაგოგია ამ სიტყვის ყველაზე კლასიკური გაგებით. თეორიულად, გაერთიანება კარგი იდეაა, რადგან ერთი ძლიერი კანდიდატი, რომლის მხარდაჭერაზე ძირითადი ოპოზიციური პარტიები წინასწარ შეთანხმდებიან, უკმაყოფილო ამომრჩევლის მობილიზაციის კარგი საშუალებაა. მაგრამ ვინც ახლა ამაზე ლაპარაკობს, წინასწარ იცის, რომ ეს "რიჟა ბაზარია". ძირითადი ოპოზიციური ძალა ახლა ორია, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, ისინი ახალი გაყოფილები არიან და პირველი მეორეს "გაყიდულს" ეძახის. თან გაყიდული ეძახო და თან გავერთიანდეთო, არის აბსურდი.

არის კიდევ პოლიტიკურად გაურკვეველი "შუაშისტური" მასა, რომელიც შეიძლება თავის მხრივ გაერთიანდეს ალეკო ელისაშვილის სტილის გაურკვეველი კანდიდატის გარშემო, მაგრამ რომელთაც ნაციონალებს ვერ უხსენებ. ხოდა, ვინ ვის უნდა გაუერთიანდეს? თუ გიორგი ვაშაძესთან უნდათ ნაციონალებს გაერთიანება (ვისაც გუშინ ასევე "გაყიდულს" ეძახდნენ), რად უნდა ამას "პრაიმერიზი".

ვინც ამას ამბობს (მიშა, ვაშაძე და ვინც გინდა), ამბობს მხოლოდ მერე იმის სათქმელად, ვინც არ გვეთანხმება, ბიძინას თამაშს თამაშობსო. გაერთიანებაზე ლაპარაკი იქცა ოპოზიციის ერთი ნაწილის მცდელობად, მეორეს სახელი გაუტეხოს. სხვა არავითარი აზრი ამ ლაპარაკს არა აქვს.

თუმცა, არც ისე ცოტაა ნაკლებად ჭკვიანი ადამიანი, ვისზეც ეს ორსვლიანი კომბინაცია მოქმედებს

პოლიტიკის მეცნიერი გია ნოდია Facebook-ზე იმ ოპოზიციურ პარტიებზე წერს, რომლებმაც სხვა პარტიებს წინასაარჩევნოდ გაერთიანებისკენ მოუწოდეს

კომენტარები