ე.წ. ციანიდის საქმე

მეუფე გრიგოლი: ციანიდის საქმე პრობლემათა ერთობლიობის აისბერგის ნაწილია

მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოვინახულეთ პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის მიმართ საზოგადოებაში არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ერთი სიტყვით, მოვინახულეთ და, ამის უთქმელობა არ ეგების, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე ამ შეხვედრამ; იქ მოსმენილმა ღრმად ჩაგვაფიქრა არაერთ საკითხზე, არაერთ ადამიანზე, ეკლესიის მდგომარეობაზე. დეტალებში არ შევალთ და ვერ შევალთ, მაგრამ ის კი უნდა ვთქვათ, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, თუ რაოდენ ღრმა განსაცდელშია ჩვენი ადგილობრივი ეკლესია; განსაკუთრებით დამაფიქრებელია, რომ ეს ხდება იმ ავტორიტეტისა თუ მაღალი რეიტინგის ფონზე, რაც ეკლესიის მიმართ არსებობს და რაც თავისთავად კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, რამდენადაც მის მიმართ არსებობს დიდი მოლოდინი. მე ამას გეუბნებით თქვენ, ჩემს სულიერ შვილებს, რადგან თქვენგან წამოსული არაერთი კითხვა, წუხილი, შეშფოთება მაფიქრებინებს, რომ დაბნეულნი ხართ და ჩვენგან ელით პასუხებს, ნუგეშს, იმედსა და ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის მიმართ, თქვენს მიერ გამოცხადებული მაღალი ნდობის გამართლებას. წინ გველოდება დიდი გამოცდა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის რწმენისთვის იქნება ერთგვარი ტესტი. სამწუხაროდ, ე.წ. ციანიდის საქმე არის მხოლოდ ნაწილი იმ აისბერგისა, რასაც ქმნის ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების ერთობლიობა. ძალიან მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ამის ართქმაც არ შეიძლება. და ვამბობთ კი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობს კრიზისის დაძლევის

შედარებით "უმტკივნეულო" და "ეფექტური" გზები. მათ დაძლევაზე დამოკიდებულია ეკლესიის და თვით ჩვენი ქვეყნის და მისი სახელმწიფოებრიობის მომავალი.

ეს განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, ფოთის საკათედრო ტაძარში, მრევლსადმი მიმართვის დროს გააკეთა.

კომენტარები