საქართველოს პარლამენტი

ბოკუჩავა: შესაძლოა, ეს რეზოლუცია საზოგადოების თვალის ასახვევად გამოიყენონ

სამწუხაროდ, მე ვშიშობ, რომ შესაძლებელია ამ ხელისუფლების პირობებში ეს რეზოლუცია გამოყენებული იქნას საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მიზნით. ერთი მხრივ, ამ რეზოლუციის გამოყენებით ქართული ოცნება თითქოს გმობს რუსეთის ქმედებებს, მეორე ხელით კი, ხსნის რუსეთს ყოველგვარ პასუხისმგებლობას, როდესაც ღიად აცხადებს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დასტურით, რომ ის აპირებს ჟენევაში ხელი მოაწეროს დეკლარაციას, სადაც აღიარებული იქნებიან კონფლიქტის მხარეებად ოკუპირებული აფხაზეთი და ოკუპირებული ცხინვალი და არა რუსეთი, როგორც ეს იყო მრავალი წლის მანძილზე და მრავალწლიანი ქართული დიპლომატიის მუშაობის შედეგად.

სამწუხაროდ, ამ კონტექსტში, ვშიშობ, რომ ეს რეზოლუციაც იქნება გამოყენებუელი არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების და სუვერენიტეტის დასაცავად, არამედ, შესაძლებელია, ეს რეზოლუციაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. ცხადია, მივესალმები იმ შესაძლებლობას, რომ შედგეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და მასში შევიდეს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ შემზარავ დანაშაულში მონაწილეობდა და მას ხელს აფარებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, რთულია იყო თანაზიარი იმ პასუხისმგებლობისა, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს, როდესაც ის უარს აცხადებს, აღიაროს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი, როგორც ერთადერთი მხარე ამ კონფლიქტისა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ე.წ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო. ცნობისთვის, ენმ-მ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

კომენტარები