გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი: ევროპულმა საქართველომ საოკუპაციო ძალასთან ერთად მძიმე ვითარება შექმნა

მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით ოპოზიციასთან დიალოგის რაიმე ფორმატის შესაქმნელად და ამას, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ. პარლამენტი უნდა იყოს ადგილი, სადაც დიალოგი მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთ პრობლემებზე საუბრისას, როგორიცაა ოკუპაცია და ა.შ. ქვეყანამ შეძლოს ერთიანი პოზიციით გამოსვლა. სამწუხაროდ, ჩვენი ასეთი კონსტრუქციული დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც პარლამენტში ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯით და ერთობლივი რეზოლუციის მიღებით გამოიხატა, პასუხად მივიღეთ აბსოლუტურად დესტრუქციული ბრალდებები და დამოკიდებულება ოპოზიციონერების, მათ შორის “ევროპული საქართველოს” მხრიდან, ადამიანებისგან, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს უმძიმესი კვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, საოკუპაციო ძალასთან ერთად შექმნეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციისა და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ცალმხრივი აღიარების თვალსაზრისით. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მორალური უფლება, რაიმე კონკურენციაში შევიდნენ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში შეექმნა სრულიად სხვა - განვითარების ატმოსფერო. რა თქმა უნდა, პრობლემა დღესაც უამრავია, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ იმ განვითარების მიზნისკენ, რასაც ჰქვია ჩვენი მოსახლეობისთვის კეთილდღეობის შექმნა და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენ ამას ყველანი ერთად შევძლებთ. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება კონსტრუქციული მიდგომა, მაგრამ მინდა, ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს ის ქედმაღალი, ძალიან უღირსი დამოკიდებულება და პასუხი, რომელიც მიიღო ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების საპასუხოდ. 

თქვა გიორგი კვირიკაშვილმა კონკურენტების შესახებ დასმული კითხვის პასუხად ვანში, სადაც ვანის და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი, გივი ჭიჭნაძე წარადგინა. 

კომენტარები