გიგა ზედანია

ზედანია: შეურაცხმყოფელია, ზრდასრულ ადამიანს პასუხისმგებლობა წაართვა მის ქმედებაზე

არაფერია უფრო შეურაცხმყოფელი ზრდასრული ადამიანისათვის, ვიდრე პასუხისმგებლობის წართმევა ქმედებებზე. "შენ ბოროტებას ჩადიხარ, მაგრამ მე ეს შენგან არ მეწყინება, იმიტომ რომ იმდენად სულელი და შეზღუდული ხარ, რომ შეუძლებელია ეს ბოროტება შენი პასუხისმგებლობა იყოს" - ეს არის ყველაზე სასტიკი რამ, რაც შეიძლება ადამიანს უთხრა სინამდვილეში.

უთხრა ზრდასრულს, რომ ის - სოციო-ეკონომიკურ-კულტურული მიზეზების გამო - ზრდასრულად ვერ ჩაითვლება, არის ყველაზე საშინელი მორალური მსჯავრი. ეს არის ადამიანისთვის თავისუფლების ბოლო ნაპერწკლის წართმევა, ადამიანის განხილვა ბიომასად.

ეს არის ჰუმანიზმის გადასვლა დეჰუმანიზაციაში (როგორ ფიქრობთ, რატომ აკრიტიკებდნენ ჰაიდეგერი, ალთიუსერი, ფუკო და დერიდა ჰუმანიზმს? ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მას აქვს ასეთი მიდრეკილება სრული დეჰუმანიზაციისადმი, რომელიც ისტორიაში ხშირად გამოვლენილა).

სხვათა შორის, ეს არის კოლონიალისტური პატერნალიზმის გამოხატულების მძიმე ფორმა. ასე, მაგალითად, მე-19 საუკუნის ბრიტანელები საუბრობდნენ ინდოელებზე - ადამიანების ინფანტილიზაცია - მოსახლეობის ნაწილი როგორც ბავშვები, რომლებთანაც კონფრონტაციაში ვერ შეხვალ, რომლებსაც არგუმენტს ვერ დაუპირისპირებ, რომლებიც უნდა "აღზრდო", მათთან ჩააატარო შესაბამისი მუშაობა.

ადამიანის განხილვა არა როგორც სუბიექტად, არამედ მანიპულაციის ობიექტად.

ეს არ არის მორალურობა, ეს არის მორალიზმი მის ყველაზე უარეს ფორმაში.

კომენტარები