გახარია პარლამენტში

გახარია ფაშისტურ ჯგუფებზე: როგორც კი ძალადობის მოწოდებაზე გადავლენ, ვიმოქმედებთ

დღევანდელი კანონმდებლობა არც თუ ეფექტურია რადიკალური ფაშისტური იდენტობის ჯგუფებთან სამუშაოდ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შესაბამისი ინსტრუმენტები არ გვაქვს. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია, მიმდინარეობს დაკითხვები. როგორც კი შსს დააფიქსირებს გამოხატვის თავისუფლების ფორმების გადამეტებას და ძალადობის მოწოდებაში გადასვლას, ჩვენ ვიმოქმედებთ.

ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად გვესმის ის შეშფოთება, რომელიც ამ დარბაზში გამოითქვა. უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

[თუ] აბსოლუტურად დასაბუთებული, გააზრებული საგამოძიებო პროცესი, მიგვიყვანს შესაძლო ფაქტუალურ მასალამდე, სადაც აშკარად დავინახავთ გამოხატვის თავისუფლების გადაჭარბებას, ჩვენ ვიმოქმედებთ. არ გვჭირდება ისეთი ფორმების მიღება, რომელმაც შემდგომ შეიძლება გარკვეული რისკები შეგვიქმნას, თუმცა, იქ სადაც მსგავსი ფაქტები გამოვლინდა, შსს მოქმედებს უკანდახევის გარეშე.

რამდენიმე პირი უკვე არის მსგავსი მუხლებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული - 13 მაისის კონკრეტულ შემთხვევაბზე გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, მას ბოლომდე მივიყვანთ. თუ მომავლისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, მოგმართავთ თქვენ [პარლამენტს], რათა აგრესიული და ფაშისტური იდენტობის ჯგუფებთან მუშაობა და ბრძოლა იყოს უფრო ეფექტურად შესაძლებელი.

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში პასუხობს დეპუტატების კითხვებს საქართველოში მოქმედი ფაშისტურად განწყობილი ჯგუფების შესახებ.

კომენტარები