ქრისტიანობა

დეკანოზი თამაზი: ნუ შექმნით საკუთარ მოძალადე რელიგიას ქრისტიანობის სახელით

დიდი მადლობა ყველას მხარადჭერისთვის. თუმცა კომენტარებს ვშლით, რადგან ზოგიერთი კომენტარი იმდენად არაადეკვატურია, უშინაარსოა და სრულიად აცდენილია ქრისტეს მოძღვრებას, რომ უკვე შემაწუხებელია და მავნებელიც კია მისი წაკითხვა. ჩანს, რომ ადამიანების უმრავლესობას გადაშლილიც კი არა აქვს სახარება. 

ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ: 

1) ჩვენ ახალი აღთქმის შვილები ვართ და ჩვენთვის ძველი აღთქმის მცნებები და თუნდაც სოდომ-გომორის დაღუპვის ამბავი კი არაა მთავარი, არამედ კაცთმოყვარე ქრისტეს მოძღვრება, რომელმაც აკრძალა სასჯელი და ძალადობა ადამიანებზე. ის ამბობს: "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი". როცა ქადაგებისას ერთი სოფლიდან გამოაგდეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და შესთავაზეს, გინდა ვილოცებთ და ცეცხლი გადმოვა ზეციდან და ამობუგავს ამ შენს შეურაცხმყოფელებსო. ქრისტე კი გაუწყრა მათ ამ ძალადობის სურვილის გამო და უთხრა: "არ იცით ვისი სულისა ხართ?! ადამიანთა დასაღუპად კი არ მოვედი, არამედ საშველად"-ო. ეს უნდა გახსოვდეთ და სოდომ-გომორის ცეცხლს და წუნწუბას დაემშვიდობეთ, აღარაა ეგეთები ახალ აღთქმაში, გააუქმა ღმერთმა. 

2) ქრისტემ როცა უმსგავსობა იხილა ტაძარში, შოლტი გააკეთა და სავაჭროდ შეყვანილი პირუტყვი გამოყარა ტაძრიდან. მას არ უცემია ადამიანები. მაგიდები აუყირავა ვაჭრებს, დაუბნია ფული და ტაძრიდან განდევნა ის საქმე და ის ნივთები, რაც არ შეეფერებოდა ტაძარს. დაიმახსოვრეთ კარგად, ქრისტეს არ უცემია იქ ადამიანები და ნუ გსურთ ეს დაინახოთ სახარების იმ ადგილას. 

3) წმ. იოანე ოქროპირი როცა ძალის გამოყენებაზე საუბრობს ურწმუნოების მიმართ, ესაა მისი კერძო, ერთი კონკრეტული ისტორიული შემთხვევის გამო ნათქვამი სიტყვა, ქალაქში არეულობის დასაშოშმინებლად ნათქვამი. ეს არაა ზოგადად სახელმძღვანელო წესი ქრისტიანებისთვის, ეს არაა სახარებისეული სწავლება. იოანე ოქროპირს უფრო მეტი ქადაგებები აქვს სადაც გმობს ძალადობას და სახარებისეული სულის მატარებელია: სიყვარული, და არა ძალადობა. 

4) ქრისტეს მოძღვრება კრძალავს ზოგადად ძალადობას ადამიანზე და ფრაზა: "კი არ უნდა ეცემა, მაგრამ….." სრულიად უაზროა. თვით უკიდურესი ცოდვილის ცემის და დაჩაგვრის ნებასაც არ გაძლევს ქრისტეს კაცთმოყვარე მოძღვრება. თუ ქრისტიანი ხარ, ესაა ქრისტიანობა და ნუ შექმნით საკუთარ მოძალადე რელიგიას ქრისტიანობის სახელით. 

დეკანოზი თამაზ ლომიძე Facebook-ში წერს.

კომენტარები