ქრისტიანობა

მინდიაშვილი: საპატრიარქოს და მრევლის იარაღი არა ღვთის სიტყვა, არამედ მოღერებული ტაბურეტია

ქრისტე მრუშ ქალს ჩაქოლვისგან დაიცავს და მის მოსაკლავად შეკრებილ მორალისტ მრევლს უწმიდურებაში დაადანაშაულებს;

ქრისტეს მოყვასის ნიმუშად "მწვალებელი" სამარიტელი მოყავს და მისი მაგალითით გულგაქვავებულ მართლმორწმუნე მღვდელს, დიაკვანსა და რჯულის მეცნიერს ამხელს;

ქრისტე სოციალური კეთროვნის, საძულველი მებაჟის თავმდაბალი ლოცვისა და სინანულის ფონზე, მართლმადიდებლობის იმჟამინდელი დამცველების - ამპარტავანი ფარისევლების გულანთებულობას არარად, ამაო გარჯად მიიჩნევს;

ქრისტე ურჯულო ცენტურიონზე ამბობს, რომ ყველაზე ღრმად მორწმუნეა მთელ სამართლმადიდებლოში, რადგან ადამიანი უყვარს, ზრუნავს ადამიანზე, ხოლო მართლმორწმუნე, რჩეულთა შორის ურჩეულეს ნაზარეთელებს უკიდურეს ურწმუნოებად აფასებს, რადგან მათ სძულთ ადამიანად მოსული ღმერთი და მკრეხელობაში ადანაშაულებენ მას;

ქრისტე სავაჭრო დახლად ქცეული ტაძრიდან მღვდელმთავრების ბიზნესებსა და წილებს - ქათმებს, ძროხებს, ნავთობგადამზიდ და თამბაქოს შემომტან ფირმებს, კაზინოებსა და პენტჰაუსებს გამოდევნის და იტყვის, რომ ის დაანგრევს ამ ტაძარს, ტაძარს, რომელსაც იმდროინდელი მართლმადიდებლობა ქვეყნად ყველაზე დიდ სიწმინდედ მიიჩნევს, რადგან ღმერთის ჭურჭელი ქვები და ფული კი არა, ადამიანია;

ქრისტე პეტრე მოციქულს ადამიანზე, მტერზე ძალადობას აუკრძალავს და უფლის შესაპყრობად მოსულ ჯარისკაცს ჩამოთლილ ყურს გაუმრთელებს;

ქრისტეს ყველა ერთად - ბრბო, სინოდი, სახელმწიფო, მკრეხელობის, ღვთის გმობის, ანუ რელიგიური გრძნობების შერაცხყოფის გამო სიკვდილით დასჯის, ის კი ჯვრიდან მათი სულების გადასარჩენად ზეციური მამის წინაშე ლოცულობს, რადგან არ იციან მათ, რას სჩადიან;

ქრისტე თავისი მიმდევრების მოსაკლავად, ჩასაქოლად მომართულ სავლეს კი არ დაწყევლის და შეაჩვენებს, კი არ მოუწოდებს მისიანებს, შური იძიონ, არამედ, გზად შეხვდება და სიყვარულით ეტყვის, სავლე, სავლე, რატომ მდევნი მე?

ქრისტე გვამცნობს, რომ მტერი უნდა გვიყვარდეს, რადგან მამისთვის ყველა შვილია, ხოლო ახლობლები და ჩვენიანები, აი, მართლმადიდებლები და ქართველები ფარისევლებსაც "უყვართ";

ქრისტე და მისი წმინდა ეკლესია მხოლოდ მაშინ გვრთავს ნებას, რომ შევაგონოთ ან ვამხილოთ ვინმე, როცა სიძულვილი კი არა, კონკრეტული ადამიანისადმი სიყვარული გვამოძრავებს;

ღმერთი, პავლეს პირით გვიმხელს, რომ მთავარი, ყველაზე ღრმა გმობა და განდგომა, არა ურწმუნობა, არამედ სწორედ უსიყვარულობაა, ეზეკიელ წინასწარმეტყველის სიტყვით კი გვეუბნება, რომ ასეთი საზოგადოება სოდომსა და გომორს ემსგავსება და ნადგურდება.

საპატრიარქო, მმკ, წყევლა-კრულვის მოყვარული მღვდელმთვარები, მღვდლები, მრევლი სწორედ ღრმა უსიყვარულობას, ლუციფერულ ამპარტავნებას ამჟღავნებენ და ამ დიდი განდგომილების გამო, განადგურების საშიშროების წინაშე აყენებენ საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც.

ისინი არც კი ცდილან, სიყვარულითა და თანაგრძნობით შეხევდროდნენ იმ ადამიანებს, მშვიდად, აუღელვებლად მოესმინათ და შეესმინათ მათთვის, ვისაც თავიანთი მძულვარე ბაგეებით ანათემას გადასცემენ.

წარმოიდგინეთ, მათი იარაღი არა ღვთის სიტყვა და სიყვარული, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მოღერებული ტაბურეტია!

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebook-ში.

კომენტარები