26 მაისი

პრემიერი 26 მაისზე: ვფიქრობთ, ძალიან ღირსეულად ვხვდებით ამ თარიღს

26 მაისს აღვნიშნავთ მთელი ქვეყნისა და შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 200-მდე სხვადასხვა ღონისძიებაა, მოგეხსენებათ დაგეგმილი. საქართველოს ესტუმრება ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია. ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული სპეციალური ღონისძიებები და ჩვენ მთელი მსოფლოს მასშტაბით, მეგობრებთან ერთად ვიზეიმებთ ამ უდიდესი მნიშვნელობის თარიღს.

უნდა ითქვას, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ჩამობრძანდება დღეს საღამოს საქართველოში, 6 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა ჩვენს ქვეყანას და ასევე, ათობით ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, რომლებთან ერთადაც ჩვენ ამ უდიდეს დღესასწაულს ვიზეიმებთ.

გაერო-მ ამ დღესთან დაკავშირებით და ასევე, რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა საფოსტო მარკა, რომლის პრეზენტაციაც ორი დღის წინ ნიუ იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში გაიმართა, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ფიცის დადების ცერემონია წელს ერთდროულად 6 ადგილას გაიმართება: თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში. რა თქმა უნდა, იქნება სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაცია ყველა ამ წერტილიდან.

ასე რომ, მეგობრებო, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება გველის. დღეს საქართველოს წარმატებას აღიარებს მთელი მსოფლიო. ევროპაში საქართველო მიიჩნევა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების მიხედვით და ვფიქრობთ, ძალიან ღირსეულად ვხვდებით ამ თარიღს.

ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო და ჩვენი უმთავრესი საქმე გახლავთ - მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი მისია ჩვენი თაობის, ჩვენი ხელისუფლების და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ მისიას ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები