ხორავას ქუჩის საქმე

ქუცნაშვილი: პირველ ეტაპზე, გამომძიებლების ქმედებების კანონიერება უნდა გამოვიძიოთ

როცა მოკლებული ვართ შესაძლებლობას, განვსაზღვროთ, ვინ დაარღვია კანონი - პროკურატურამ თუ მოსამართლემ, დგას სამართლებრივი შეკითხვა - საგამოძიებო კომისიამ ვის მიმართ უნდა წარმართოს თავისი მოქმედება, პროკურატურის გამომძიებლების მიმართ თუ იმ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ [სასამართლო], ვინც ჩვენ წინაშე ანგარიშვალდებულნი არ არიან.

ოჯახს ეჭვი აქვს გამომძიებლების მიმართ. ოჯახი ამბობს, რომ სასამართლო სწორად მოიქცა, გამომძიებლები მოიქცნენ არასწორად. ხომ არ ჯობია, უფრო თამამები ვიყოთ და პრინციპულები, ვიდრე ის, რომ ან ერთი საფუძვლით ან მეორე საფუძვლით ვილაპარაკოთ.

საზოგადოებრივი ინტერესი იქნება ყოველთვის - ბევრი საქმის მიმართ იქნება. ეჭვი ან უნდა გაქარწყლდეს ან დადასტურდეს, არ შეიძლება, პროკურატურა იყოს ეჭვის ქვეშ.

მთავარი პროკურორი დღევანდელი გამოსვლით ამბობს, რომ გაქარწყლდება. ჩვენ თუ მიგვაჩნია, რომ აქ არის ეჭვის საფუძველი და გადასამოწმებელია, უნდა გადავამოწმოთ, ამიტომაც მგონია, რომ პრინციპულობა უნდა გამოვიჩინოთ, სწორედაც რომ გამომძიებლების ქმედებების კანონიერება უნდა გამოვიძიოთ პირველ ეტაპზე და გამომძიებლების კანონიერების გადამოწმების შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ, უკვე პასუხისმგებლობის წონა გადავა სასამართლოს მხარეს - ანუ სასამართლომ სწორად გამოიტანა ვერდიქტი თუ არა. ეს უნდა ვუთხრათ ხალხს, არ მოგვერიდოს ამ მწარე სიმართლის თქმა.

აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ კომისიის ამოცანა უნდა იყოს - გამომძიებლებმა საგამოძიებო მოქმედებები რამდენად კანონიერად ჩაატარეს, დაზარალებულები რის შემოწმებასაც ითხოვდნენ, რამდენად შეამოწმეს და თუ იყო ისეთი გარემოებები, რომლის შემოწმების შემთხვევაშიც, შეიძლებოდა ბრალის უფრო კვალიფიციურად ჩამოყალიბება.

ეჭვი ან უნდა დადასტურდეს, ან უნდა გაქარწყლდეს. საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს პროკურატურა ეჭვის ქვეშ.

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე, საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ.

კომენტარები